ახალი ამბები
ხმაური და დაპირისპირება სამხარეო პოლიციასთან
FaceBook

ხმაურია იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო პოლიციასთან, სადაც გუმათში მომხდარ ინციდენტზე დაკავებული წულუკიძეების და ჭელიძეების ახლობლები შეიკრიბნენ.


ნამახვანჰესის საწინააღმდეგო სოლიდარობის აქციაზე დაკავებულების ახლობლებმა პოლიციის მანქანები არ გაატარეს, რის შემდეგაც მათსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი ამ ფორმით პროტესტს გამოხატავენ და არ დაიშლებიან, ვიდრე დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ. 

მათი თქმით, აჭარიდან ხეობაში ჩასულ ახალგაზრდებს პროვოკაცია მოუწყვეს. როგორც დაკავებული პირების ადვოკატი აცხადებს, მათ ბრალი წარუდგინეს 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს. დალი სულაქველიძის თქმით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და მათი მხრიდან რაიმე ძალადობას გამორიცხავენ. ასევე განმარტავს, რომ გავრცელებულ კადრებში მისი დაცვის ქვეშ მყოფები საერთოდ არ ჩანან. პოლიციასთან სამართალდამცველების და სპეცრაზმის ჯგუფებია მობილიზებული.

სამართალდამცავებმა 6 ადამიანი რიონის ხეობაში, 13 აპრილს, პოლიციის მხრიდან მშვიდობიანი აქციის დარბევის შემდეგ დააკავა.

მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წევრები ხეობაში გიგანტური ჰესების მშენებლობას 174 დღეა აპროტესტებენ.

ხეობაში ვითარება 3 აპრილიდან მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე ჰესების მშენებელი კომპანია "ენკას" ახალი დირექტორი პოლიციელებთან ერთად ჩავიდა.

ხეობაში 3 აპრილიდან შეიზღუდა გადაადგილება სოფელ ნამოხვანის მიმართულებით, რის გამოც გუმათჰესთან პოლიციამ ე.წ. ბლოგ საგუშაგო მოაწყო.

11 აპრილს სამართალდამცავებმა ხეობის მცველებს კარვები დაუშალა.

13 აპრილს პოლიციამ აქტივისტები დაარბია და 6 ადამიანი დააკავა.

14 აპრილს ბარიკადები აღმართეს და პროტესტის "ხმაურით" გამოხატვა აკრძალეს.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.

 

Print