ახალი ამბები
"პროექტი, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს, არ იქნება შესრულებული"
FaceBook
რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა, რიონის ხეობის მცველებთან სამსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ, თქვა, რომ თუ ჰესის მშენებლობა ეწინააღმდეგება სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს, პროექტი არ განხორციელდება.

ამასთანავე მან დააკონკრეტა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები დასმული იყო ჰიპოთეტურად და მათ ამაზე მიიღეს მსგავსი პასუხი.

ბარნაბიშვილმა თქვა, რომ ის სამი ძირითადი მოთხოვნა, რასაც აქციის მონაწილეები დიალოგის დაწყების წინაპირობად აყენებენ, საჭიროებს პრემიერთან შეთანხმებას.

"შეხვედრა იყო კონსტრუქციული. აქციის მონაწილეების მიერ დაყენებული იქნა ის საკითხები, რაც აწუხებთ. მე ყველა ამ კითხვას ავიტან პრემიერთან. ეს საკითხები საჭიროებენ შეთანხმებას და მე მათ აღვუთქვი, რომ რამდენიმე დღეში ჩვენ პასუხებით დავბრუნდებით. მე მათ დავუფიქსირე ჩვენი პოზიცია, რომ ნებისმიერი პროექტი, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს და ჩვენი მოსახლეობის, საზოგადოების ინტერესებს, რა თქმა უნდა, არ იქნება შესრულებული. ეს იყო ჰიპოთეტური შეკითხვა და ამაზე მიიღეს ეს პასუხი", - განაცხადა ბარნაბიშვილმა.

მოლაპარაკების წითელი ხაზების გარეშე დაწყებაზე ისაუბრა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ის დარწმუნებულია ჰესის საჭიროებაში, დიალოგის გასაგრძელებლად, დაშვებას იმის შესახებ, რომ ჰესი შესაძლოა არ აშენდეს, აკეთებენ.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში  პრემიერ - მინისტრის დავალებით, მთავრობის წევრები ხეობის მცველებს შეხვდნენ. შეხვედრა სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ  შევედარზე სამი ძირითადი მოთხოვნა დააყენეს.

მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წევრები ხეობაში გიგანტური ჰესების მშენებლობას 174 დღეა აპროტესტებენ.

ხეობაში ვითარება 3 აპრილიდან მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე ჰესების მშენებელი კომპანია "ენკას" ახალი დიერქტორი პოლიციელებთან ერთად ჩავიდა.
ხეობაში 3 აპრილიდან შეიზღუდა გადაადგილება სოფელ ნამოხვანის მიმართულებით, რის გამოც გუმათჰესთან პოლიციამ ე.წ. ბლოგ საგუშაგო მოაწყო.

11 აპრილს სამართალდამცავებმა ხეობის მცველებს კარვები დაუშალა.

13 აპრილს პოლიციამ აქტივისტები   დაარბია და  6 ადამიანი დააკავა.

14 აპრილს ბარიკადები აღმართეს  და პროტესტის "ხმაურით" გამოხატვა აკრძალეს.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.


Print