ახალი ამბები
შეხვედრის დასრულების შემდეგ ხეობის მცველები გუმათში ბრუნდებიან
FaceBook

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ხელისუფლების  წარმომადგენლებსა და ხეობის მცველებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეები ისევ  გუმათში ბრუნდებიან.

 

შეხვედრაზე კონკრეტული შეთანხმება არ შემდგარა. თუმცა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ დიალოგი უფრო კონსტრქციული ხდება.

შეხვედრიდან გამოსულმა აქციების ორგანიზატორებმა თქვეს, რომ მათ სამი პირობა წამოაყენეს და ამაზე პასუხს ახლა პრემიერ–მინისტრისგან ელოდებიან.

ხეობის მცხოვრებლები ითხოვენ: შეწყდეს ხეობაში ჰესის მშენებლობა, პოლიციამ დატოვოს ხეობა და მიეცეთ სოფელ ნამოხვანში კარვებით პროტესტის გაგრძელების საშუალება. ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათ მოთხოვნებზე გადაწყვეტილების მიღებას პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, რამდენიმე დღე დასჭირდება, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროტესტი შეწყდება.
ვარლამ გოლეთიანმა ისიც თქვა, რომ შეხვედრაზე ხელისუფლების მხრიდან საუბარი იყო იმგვარ დაშვებაზეც, რომ ჰესი შესაძლოა არ აშენდეს.

"ჩვენი მოთხოვნებია: შეწყდეს სამუშაოები ხეობაში, ალაგდეს ჯებირები და გამოვიდეს პოლიცია, რომ ჩვენ თავისუფლად გადავაადგილდეთ ხეობაში და გავაგრძელოთ კარვებით პროტესტი ხეობაში. დანარჩენი საკითხები, როგორიცაა მიწა და ხელშეკრულება, შემდგომი დიალოგის თემაა. 
ახლა სახელდება პრემიერის ჯანმრთელობის საკითხი, როგორც ვიცით მას კოვიდი აქვს და გვეუბნებიან, რომ როგორც კი გამოჯანმრთელდება, მიიღებს გადაწყვეტილებებს ამ პირობებთან დაკავშირებით. პროტესტი, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად გაგრძელდება. ჩვენ თავიდანვე დავსვით საკითხი ასე, რომ ეჭვქვეშ დაგვეყენებინა ჰესის აშენება–არაშენება. მათ ვუთხარით: თუ თქვენ გვეტყვით, რომ ჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს, მაშინ ჩვენ ავდგებით და გავალთ აქედან. მათ თქვეს, რომ კი ბატონო, ჩვენ ვაკეთებთ დაშვებას, რომ ჰესი შეიძლება არ აშენდეს", – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ხეობის მცველებს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული, პარმენ მარგველიძე, ასევე, ხონისა და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატები შეხვდნენ.

შეხვედრა დახურული იყო მედიისთვის.

 

Print