ახალი ამბები
„ვფიქრობ, გადავდივართ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში" - ვარლამ გოლეთიანი
FaceBook
იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და მთავრობის წევრებს შორის  შეხვედრა დასრულდა.
ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ სამი ძირითადი მოთხოვნა დააყენეს.

"ვფიქრობ, გადავდივართ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში. მათი მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა. ჩვენ დავაყენეთ სამი ძირითადი საკითხი იმისთვის, რომ დიალოგის სივრცე გაჩნდეს.

სამი პირობა არის ის, რომ შეწყდეს ის რეპრესიული პოლიტიკა რაც ხეობაშია, გამოლაგდნენ იქიდან პოლიციელები, შეწყდეს მოსამზადებელი სამუშაოები და ჩვენ დავუბრუნდეთ პროტესტის მშვიდობიან ფორმას, კარვები, რომელიც დაგვირბიეს, აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ იქ. ამ პირობებზე ველოდებით პასუხს.
მათ თქვეს, რომ მოცემულ მომენტში არ შეუძლიათ გაგვცენ პასუხები ამ კითხვებზე დაკმაყოფილდება თუ არა.

მათ ნაბიჯებზე ვართ დამოკიდებული, რა პასუხს გაგვცემენ, რამდენიმე დღეა საჭირო, მიზეზად პრემიერის ჯანმრთელობა დასახელდა, საბოლოოდ რომ გაეცეს პასუხი ამ კითხვებს.იმისთვის, რომ დიალოგის შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ, ეს სამი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს მათი მხრიდან, ალაგდეს ბარიკადები, ხეობაში სამუშაო პროცესები უნდა შეწყდეს და კარვებით პროტესტი გავაგრძელოთ“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ვარლამ გოლეთიანმა.

შეხვედრას რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, იმერეთის გუბერნატორს ზვიად შალამბერიძე, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული, პარმენ მარგველიძე, ხონისა და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

შეხვედრა პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით შედგა.

ხეობის მცველებს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, იმერეთის გუბერნატორს ზვიად შალამბერიძე, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული, პარმენ მარგველიძე, ხონისა და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატები ხვდებიან.
შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.

მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წევრები ხეობაში გიგანტური ჰესების მშენებლობას 173 დღეა აპროტესტებენ.

ხეობაში ვითარება 3 აპრილიდან მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე ჰესების მშენებელი კომპანია "ენკას" ახალი დიერქტორი პოლიციელებთან ერთად ჩავიდა.
ხეობაში 3 აპრილიდან შეიზღუდა გადაადგილება სოფელ ნამოხვანის მიმართულებით, რის გამოც გუმათჰესთან პოლიციამ ე.წ. ბლოგ საგუშაგო მოაწყო.

11 აპრილს სამართალდამცავებმა ხეობის მცველებს კარვები დაუშალა.

13 აპრილს პოლიციამ აქტივისტები   დაარბია და  6 ადამიანი დააკავა.

14 აპრილს ბარიკადები აღმართეს  და პროტესტის "ხმაურით" გამოხატვა აკრძალეს.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.

Print