ახალი ამბები
რიონის ხეობის მცველებს პრემიერის დავალებით მთავრობის წარმომადგენლები შეხვდებიან
FaceBook
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ქუთაისის მერიაში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრა დაიგეგმა.
აქციიის ორგანიზატორთა ინფორმაციით, მათთან მოლაპარაკება სურთ რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს ლერი ბარნაბიშვილს, იმერეთის გუბერნატორს ზვიად შალამბერიძეს და რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულს პარმენ მარგველიძეს.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათ შეხვედრის შესახებ შემთხვევით შეიტყვეს.ამის მიუხედავად, ისინი შეხვედრას დაესწრებიან, სადაც მათი თქმით მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე იქნება საუბარი და მოხდება დიალოგის ფორმატზე შეთანხმება.

"შემთხვევით გავიგეთ ამ შეხვედრის შესახებ და დაგვრჩა შთაბეჭდილება , რომ თუ ამას ვერ გავიგებდით, შეიძლება მათ ეთქვათ, რომ ჩვენ არ მივედით ამ შეხვედრაზე და მოყვებოდა ამას სპელულაციები, რაც აქამდეც ხდებოდა. ამის მიუხედავად, ჩვენ არ გვაქვს არანაირი პრობლემა ვინმესთან საუბრის, ამიტომ დავიძვრებით ახლა ქუთაისისკენ. ჩვენი მხარდამჭერები დადგებიან მუნიციპალიტეტის შენობასთან და ღამდენიმე წარმომადგენელი შევალთ შეხვედრაზე",- განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. 

მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წევრები ხეობაში გიგანტური ჰესების მშენებლობას 173 დღეა აპროტესტებენ.

ხეობაში ვითარება 3 აპრილიდან მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე ჰესების მშენებელი კომპანია "ენკას" ახალი დიერქტორი პოლიციელებთან ერთად ჩავიდა.
ხეობაში 3 აპრილიდან შეიზღუდა გადაადგილება სოფელ ნამოხვანის მიმართულებით, რის გამოც გუმათჰესთან პოლიციამ ე.წ. ბლოგ საგუშაგო მოაწყო.

11 აპრილს სამართალდამცავებმა ხეობის მცველებს კარვები დაუშალა.

13 აპრილს პოლიციამ აქტივისტები   დაარბია და  6 ადამიანი დააკავა.

14 აპრილს ბარიკადები აღმართეს  და პროტესტის "ხმაურით" გამოხატვა აკრძალეს.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.

Print