ახალი ამბები
ახალციხეში ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების სოლიდარობის აქცია გაიმართება
FaceBook
რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინაღმდეგეების სოლიდარობის აქცია ახალციხეშიც დაიგეგმა.

"რიონის ხეობაში, ნამოხვანჰესის მშენებლობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ახალციხეში სოლიდარობას მშვიდობიანი აქციით გამოუცხადებენ. ადგილობრივი ახალგაზრდები რიონის ხეობის მცველების მხარდაჭერის მიზნით, 17 აპრილს, 14:00 საათზე შოთა რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბებიან", - წერს ადგილობრივი გამოცემა  tv9news.ge.

ახალციხელი ახალგაზრდები ამბობენ, რომ შეუერთდებიან აქციას, რომლის გამართვაც რიონის ხეობის მცველებმა დედაქალაქში დააანონსეს.

ნამახვანჰესის მშენებლობა გააპროტესტეს და ხეობის მცველებს სოლიდარობა გამოუცხადეს დღეს, თბილისში "გლოვოს", "ბოლტისა" და "ვოლტის" კურიერებმაც.

მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წევრები ხეობაში გიგანტური ჰესების მშენებლობას 173 დღეა აპროტესტებენ.

ხეობაში ვითარება 3 აპრილიდან მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე ჰესების მშენებელი კომპანია "ენკას" ახალი დიერქტორი პოლიციელებთან ერთად ჩავიდა.
ხეობაში 3 აპრილიდან შეიზღუდა გადაადგილება სოფელ ნამოხვანის მიმართულებით, რის გამოც გუმათჰესთან პოლიციამ ე.წ. ბლოგ საგუშაგო მოაწყო.

11 აპრილს სამართალდამცავებმა ხეობის მცველებს კარვები დაუშალა.

13 აპრილს პოლიციამ აქტივისტები   დაარბია და  6 ადამიანი დააკავა.

14 აპრილს ბარიკადები აღმართეს  და პროტესტის "ხმაურით" გამოხატვა აკრძალეს.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.


Print