ახალი ამბები
გვაქვს ორი პირობა - ვარლამ გოლეთიანი ხელისუფლებას მოთხოვნებს უყენებს
FaceBook
ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი ხელისუფლებას ორ პირობას უყენებს.
მისი თქმით, თუ მთავრობას დიალოგი სურს, ჯერ უნდა აიღოს გუმათჰესთან რკინის ბარიკადები და შემდეგ მხარეები უნდა შეთანხმდნენ პირზე, რომელიც მათთან დიალოგში ჩაერთვება.

"გვაქვს ორი პირობა: აიღონ ეს რკინის ფარდა, გაგვიშვან ნამოხვანში, სადაც გავშლით კარვებს, გავაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს. ამის შემდეგ თუ მათ უნდათ დიალოგი, მოვიდეს გადაწყვეტილების მიმღები და ვისაუბროთ შინაარსობრივ მხარეზე ნამოხვანში. ჩვენ არ შევხვდებით ნათია თურნავას, რადგან ის გაიპარა შეხვედრიდან და როგორც ჩანს, ვერ იღებს გადაწყვეტილებებს.


გადაწყვეტილების მიმღებ პირად გვეგულება პრემიერი. ის, რაც ახლა ჩვენს უკან ხდება, არის რეპრესიული გზით სიარული და საბოლოოდ მივალთ იქამდე, რომ გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რაც დავაანონსეთ, ანუ მოვუწოდებთ ხალხს ქალაქების პიკეტირებისკენ", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ხეობის მცველები და მათი მხარდამჭერები, რომლებიც ახლა გუმათჰესთანარიან შეკრებილები,  დღეს ისევ შეეცდებიან ნამოხვანში შესვლას, სადაც პოლიცია მათ უკვე 13 დღეა არ უშვებს. გუშინ სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს რკინის ჯებირზე ხელებით ხმაურის გამოწვევაც აუკრძალა და უთხრა, რომ თუ "ბრახუნს" არ შეწყვეტდნენ, პოლიცია გამოიყენებდა პროპორციულ ძალას.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის 172-ე დღე გუმათჰესში გრძელდება, სადაც პოლიციას რკინის ბარიკადები აქვს აღმართული და აქტივისტებს სოფელ ნამოხვანისაკენ, სადაც მათი ძირითადი საპროტესტო ადგილი იყო, არ უშვებს.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.


ამავე თემაზე:

Print