ახალი ამბები
"პირველ რიგში, აუცილებელია გაიხსნას რკინის კედელი" - ხეობის მცველი დიალოგზე
FaceBook
ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი საპატრიარქოს განცხადებას გამოეხმაურა, სადაც სინოდმა მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.

ხეობის მცველის  თქმით, პროცესებში მოდერატორის როლით ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია პროტესტის დაწყების მომენტიდანვე იყო ჩართული, თუმცა, ხელისუფლების არაკონსტრუქციულობის გამო, შედეგი მიღწეული ვერ იქნა.

"სამჯერ მოხდა შეხვედრა მეუფე სტეფანეს რეზიდენციაში, მაგრამ იმის გამო, რომ ყოველთვის არაკონსტრუქციულობით გამოირჩეოდა მეორე მხარე, კონკრეტული შედეგი ვერ დადგა. ახლა საპატრიარქომ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ გადადგას ნაბიჯი დიალოგისკენ და ეს არ უნდა იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის. ჩვენ გვინდა, რომ ეს სპეკულაციური დამოკიდებულება დიალოგთან დაკავშირებით დავასრულოთ. პირველ რიგში, იმისათვის, რომ შედგეს დიალოგი ჩვენს შორის, აუცილებელია გაიხსნას ეს რკინის კედელი", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

საპატრიარქოს მიმართვას გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრიც. ნათია თურნავამ აქციის მონაწილეებს კარვის ნაცვლად მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდა. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები მინისტრთან დიალოგზე უარს ამბობენ და აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც ნათია თურნავა ქუთაისის მერიაში 12 მარტს გამართული შეხვედრიდან გაიპარა, მასთან დიალოგის რესურსი ამოიწურა.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის 172-ე დღე გუმათჰესში გრძელდება, სადაც პოლიციას რკინის ბარიკადები აქვს აღმართული და აქტივისტებს სოფელ ნამოხვანისკენ, სადაც მათი ძირითადი საპროტესტო ადგილი იყო, არ უშვებს.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.

Print