ახალი ამბები
"ვისაუბროთ მაგიდასთან და არა კარავში" - ნათია თურნავა რიონის ხეობის მცველებს
FaceBook
ეკონომიკის  და სოფლის მეურნეობის მინისტრები აცხადებენ, რომ  მზად არიან ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგების კითხვებს უპასუხონ.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, დიალოგის ყველაზე კარგი ფორმა სპეციალისტების ჩართვაა. ამის შესახებ მან ერთ-ერთ ტელევიზიაში განაცხადა.

"ასეთი ძლიერი მესიჯი, ძლიერი მოწოდება
წამოვიდა საპატრიარქოდან. ამ ფონზე, ხელახლა მინდა მივმართო საპროტესტო აქციის აქტივისტებს, ვინც ახლა საკმაოდ კატეგორიული მოწოდებებით გამოირჩევა და აპროტესტებს მშენებლობას უშუალოდ სოფელ ნამოხვანში. მოდით, გადავდოთ გვერდზე ყველა ჩვენი ამბიცია, ნუ ვიტყვით უარს დიალოგზე, ნუ ვიტყვით უარს საუბარზე სხვადასხვა ხელოვნური მიზეზის გამო, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზის გამო, რომ აი, შეხვედრა გვინდა ამა და ამ რანგთან, ამა და ამ დონესთან მხოლოდ.

მზად ვართ, ყველა მათ კითხვას გავცეთ პასუხი და იმედი გვაქვს, რომ ახლა მაინც, საპატრიარქოს მოწოდების ფონზე, ყველა ამბიციას გვერდზე გადავდებთ, რადიკალური მოწოდებები შეწყდება და დაუბრუნდებიან დიალოგის მაგიდას. ულტიმატუმები არის დამღუპველი და ამაში გამოიჩინონ ძირითადად პატრიოტიზმი, ამ უმნიშვნელოვანეს პროექტზე ვისაუბროთ მშვიდ, ნორმალურ ვითარებაში, ვისაუბროთ მაგიდასთან და არა კარავში", -  განაცხადა ნათია თურნავამ.

დიალოგი  ხეობის მცველებსა და მინისტრებს შორის ქუთაისის მერიის შენობაში 12 მარტს უნდა გამართულიყო. თუმცა,  ნათია თურნავამ შეხვედრა ზუსტად 9 წუთში დატოვა. შესაბამისად, მხარეებს შორის დიალოგი ვერ შედგა.

რიონის ხეობაში ვითარება 3 აპრილიდან დაძაბულია. მას შემდეგ, რაც პოლიციამ აქტივისტების კარვები დაარბია და მათ პროტესტის ადგილამდე მისვლა აუკრძალა, ხეობის მცველებმა გუმათჰესთან გადაინაცვლეს. ჰესის ტერიტორიიდან, სადაც პოლიციამ ბლოკ საგუშაგო მოაწყო, აქტივისტებმა რამდენჯერმე სცადეს სოფელ ნამოხვანისკენ გადაადგილება, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

12 და 13 აპრილს ჰესის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. პოლიციამ 13 აპრილს, გვიან ღამით მშვიდობიანი აქცია დაარბია და 10 ადამიანი დააკავა. მათი ნაწილი უკვე გათავისუფლებულია, ნაწილის პროცესი დღეს გაიმართება.

რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 172 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში გიგანტური ჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ ჰესის მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით დათმო სახელმწიფო ინტერესები.
Print