ახალი ამბები
"დაგვიბრუნონ ჩვენი კარვების სივრცე“ – პროტესტმა ისევ გუმათში გადაინაცვლა
FaceBook
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე ღამის გათევის შემდეგ, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ისევ გუმათში გადაინაცვლეს, სადაც პოლიციას რკინის ბარიკადები აქვს აღმართული.

აქტივისტები დღეს ისევ შეეცდებიან ნამოხვანში შესვლას, სადაც პოლიცია მათ უკვე 13 დღეა არ უშვებს. გუშინ სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს რკინის კონსტრუქციებზე ხელებით ხმაურის გამოწვევაც აუკრძალა და უთხრა, რომ თუ "ბრახუნს" არ შეწყვეტდნენ, პოლიცია გამოიყენებდა პროპორციულ ძალას.

აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ თუ ხელისუფლება ისევ არ გაითვალისწინებს მათ მოთხოვნებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყება საზოგადოებრივი სივრცეების, მათ შორის, ავტობანის ბლოკირება.

"როგორც ხედავთ, დღესაც აღმართულია რკინის კედელი, ამიტომ მოვუწოდებთ საპოლიციო ძალებს, აიღონ ეს კედელი, რათა შევძლოთ მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელება ნამოხვანში, სადაც იყო ჩვენი კარვები. ანუ ვითხოვთ ჩვენი კარვების სივრცის დაბრუნებას. თუ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება გათვალისწინებული, როგორც გუშინ დავაანონსეთ აქციაზე, მოვუწოდებთ მთელი საქართველოს მასშტაბით მოქალაქეებს, რომ თავიანთ ქალაქებში საავტომობილო მაგისტრალებზე, ქუჩებზე მოხდეს პიკეტირება. გამოვლენ ადამიანები ქუჩებში და გადაკეტავენ საზოგადოებრივ სივრცეებს", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

რიონის ხეობაში ვითარება 3 აპრილიდან დაძაბულია. მას შემდეგ, რაც პოლიციამ აქტივისტების კარვები დაარბია და მათ პროტესტის ადგილამდე მისვლა აუკრძალა, ხეობის მცველებმა გუმათჰესთან გადაინაცვლეს. ჰესის ტერიტორიიდან, სადაც პოლიციამ ბლოკ საგუშაგო მოაწყო, აქტივისტებმა რამდენჯერმე სცადეს სოფელ ნამოხვანისკენ გადაადგილება, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

12 და 13 აპრილს ჰესის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. სამართალდამცველებმა სულ 10 ადამიანი დააკავეს. მათი ნაწილი უკვე გათავისუფლებულია, ნაწილის პროცესი დღეს გაიმართება.

რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 172 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში გიგანტური ჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ ჰესის მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით დათმო სახელმწიფო ინტერესები.
Print