ახალი ამბები
აქციის მონაწილეები ღამეს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაათევენ
FaceBook
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ღამეს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაათევენ.

ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც დილით პოლიციამ გუმათჰესთან, სადაც აქტივისტების ერთადერთი დარჩენილი კარავია გაშლილი რკინის ბარიკადები აღმართა. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტი არ შეწყდება და ის კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს მიიღებს.

დღესვე აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა თქვა, რომ პროტესტმა მთელი ქვეყანა უნდა მოიცვას და მოუწოდა ადამიანებს თავიანთ ქალაქებში მოაწყონ აქციები და მოახდინონ თავიანთი საპროტესტო სივრცეების ბლოკირება.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე აქტივისტებმა გუმათჰესიდან გადმოინაცვლეს, რადგან აქტივისტების ნაწილს, რომლებიც ქუთაისიდან გუმათისკენ მიემართებოდნენ, პოლიციამ გზა გადაუკეტა.

ამის შემდეგ, აქტივისტების ნაწილი, რომლებიც გუმათში იმყოფებოდნენ, ქუთაისში ჩამოვიდნენ.

აქციის მონაწილეები დილით ისევ რიონის ხეობისკენ დაიძრებიან. ხეობის მცხოვრებლები უკვე 171-ე დღეა უწყვეტად აპროტესტებენ 433მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას.
Print