ახალი ამბები
შემაშფოთებელია დაძაბულობა - საპატრიარქო რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება
FaceBook
საქართველოს საპატრიარქო რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

"შემაშფოთებელია ის დაძაბულობა, რაც უკანასკნელ დღეებში რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ახლავს.

მიგვაჩნია, რომ აუცილებელია შედგეს დიალოგი, სადაც დაინტერესებულ მხარეებს, პასუხისმგებელ პირებსა და სპეციალისტებს მიეცემათ საშუალება მათთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმისა და პასუხების მოსმენისა. ეს დიალოგი არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული, რათა აღარ დარჩეს გაუგებრობები ნამახვან-ჰესის პროექტთან დაკავშირებით და საზოგადოებასაც ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს.

დაუშვებელია სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, დაუშვებელია კატეგორიული ტონი, რომელიც არ ტოვებს ურთიერთ მოსმენის შესაძლებლობას.

პატივისცემით მივმართავთ ყველა მხარეს და ვთხოვთ, ხელი შეუწყონ პროცესების მშვიდობიანად და სამართლიანად წარმართვას", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ბოლო დღეების განმავლობაში რიონის ხეობაში  ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ გართულდა, რაც პოლიციამ  13 აპრილს  მშვიდობიანი აქცია დაარბია და ათი პირი დააკავა.

13 აპრილს ხეობის მცველები პროტესტის 171-ე ღამის გათენებას კომპანია "ენკას" ოფისთან გეგმავდნენ. თუმცა, მას შემდეგ რაც კომპანიის მანქანები არ გაატარეს, ისინი სამართალდამცველებმა დაარბიეს და აქტივსტები დააკავეს.

ხეობაში 3 აპრილიდან შეიზღუდა გადაადგილება სოფელ ნამოხვანის მიმართულებით, რის გამოც გუმათჰესთან პოლიციამ ე.წ. ბლოგ საგუშაგო მოაწყო.

11 აპრილს სამართალდამცავებმა ხეობის მცველებს კარვები დაუშალა.

13 აპრილს პოლიციამ აქტივისტების დაარბია და 6 ადამიანი დააკავა.

14 აპრილს ბარიკადები აღმართეს და პროტესტის "ხმაურით" გამოხატვა აკრძალეს.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.




Print