ახალი ამბები
"ხეობა არის სხვისი საკუთრება "- ვარლამ გოლეთიანი
FaceBook
ჩვენ საცხოვრისთან არ გვიშვებს პოლიცია
- ამის შესახებ რიონის ხეობის მცველმა ვარლამ გოლეთიანმა პოლიციის მხრიდან პროტესტის გამოხატვის აკრძალვის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, დროა ქართულმა საზოგადოებამ თავისი სიტყვა თქვას და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

"რასაც ვამბობდით აქამდე, რომ ხეობა არის გადაცემული, არის სხვისი საკუთრება, უკვე ნათლად ხედავს საზოგადოება ამას. თუ ვინმე აქამდე ფიქრობდა, რომ ჩვენ რამეს ვაზვიადებდით, ან უტრირებულად ვამბობდით რამეს, ფაქტი სახეზეა. ჩვენ, მშვიდობიან დემონსტრანტებს არ გვეძლევა საშუალება, რომ პროტესტი გამოვხატოთ მშვიდობიანად ჩვენ ტერიტორიაზე, ჩვენ საცხოვრისთან არ გვიშვებს პოლიცია, გადაკეტა და იცავს კერძო კომპანიის ინტერესს. ყველაფერი სახეზეა, მე ვფიქრობ, ქართულმა საზოგადოებამ უკვე უნდა თქვას თავისი სიტყვა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება", - თქვა გოლეთიანმა.

სამართალდამცავებმა რიონის ხეობა რკინის ჯებირებით ორად გაყვეს. პოლიციამ 13 აპრილს მშვიდობიანი აქტივისტები დაარბია. დღეს კი, კედლებზე "ბრახუნი", რითიც აქტივისტები პოლიციელებისთვის დისკომფორტის შექმნას ცდილობდნენ, აუკრძალეს და ცოცხალი ჯაჭვის გააკეთეს ჯებირების წინ.

"შეწყვიტეთ ეს აგრესია, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ პროპორციულ ზომებს", - განუმარტა იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა სულხან თამაზაშვილი აქციის მონაწილეებს.

ხეობის მცველები პროტესტის 171-ე ღამის გათენებას კომპანია "ენკას" ოფისთან გეგმავდნენ. თუმცა, მას შემდეგ რაც კომპანიის მანქანები არ გაატარეს, სამართალდამცავები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ხეობაში 3 აპრილიდან შეიზღუდა გადაადგილება სოფელ ნამოხვანის მიმართულებით, რის გამოც გუმათჰესთან პოლიციამ ე.წ. ბლოგ საგუშაგო მოაწყო.

11 აპრილს სამართალდამცავებმა ხეობის მცველებს კარვები დაუშალა.

13 აპრილს პოლიციამ აქტივისტები დაარბია.

14 აპრილს ბარიკადები აღმართეს  და პროტესტის "ხმაურით" გამოხატვა აკრძალეს.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.
Print