ახალი ამბები
აქციის მონაწილეები კომპანია "ენკას" ოფისთან გზას გადაკეტავენ
FaceBook
ამ წუთებში ნამოხვანჰესის  მშენებლობის მოწინააღმდეგეები  კომპანია "ენკას" ოფისთან, რომელიც სოფელ ოფურჩხეთში მდებარეობს, მსვლელობით მიდიან.

"კომპანიასთან გადავკეტავთ გზას, სხვა  გზა არ დაგვიტოვეს. მიზეზი თუ რის გამოც, არ გვიშვებენ ჩვენი პროტესტის თავდაპირველ ადგილზე არის აბსურდული", - ამბობენ რიონის ხეობის მცველები და  მათი მხარდამჭერები.

აქციის მონაწილეები ორი დღეა უწყვეტად აგრძელებენ პროტესტს გუმათჰესთან და სოფელ ნამოხვანში შესვლას ითხოვენ, რაზეც პოლიციამ უარი უთხრა.

მათი თქმით,  კომპანიასთან გზას გადაკეტავენ  და თავიანთ მოთხოვნებს გააჟღერებენ.

გუმათჰესთან, სადაც ორი დღეა პროტესტის ახლი კერაა,  სიტუაცია უცვლელია. ტერიტორია გადაკეტილი აქვთ სამართალდამცვლებს, რომელთა უპრეცენდენტო რაოდენობაა მობილიზებული.

სოფელ ნამოხვანში სამართალდამცავებმა აქტივისტების ყველა კარავი აიღეს და ადგილი ტრაქტორით გადახნეს. კარვების აღების მიზეზად პოლიციამ ის დაასახელა, რომ არსებობდა მდინარე რიონის ადიდების საფრთხე, რის გამოც აქტივისტებს მდინარის სანაპიროზე გაშლილი კარვები უნდა დაეტოვებინათ.

ხეობაში ვითარება 3 აპრილს მას შემდეგ დაიძაბა, რაც "ენკას" ახალი დირექტორი პოლიციასთან ერთად მივიდა. სწორედ მას შემდეგ განახლდა გიგანტური ჰესების სამშენებლო სამუშაოები. 3 აპრილიდან განთავსდა ე.წ. პოლიციის ბლოგ საგუშაგო სოფელ გუმათთან, სადაც არავის უშვებენ.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.

ამავე თემაზე:

"მოთხოვნები არის უცვლელი" - რიონის ხეობაში ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადებიან



Print