ახალი ამბები
"ენკას" დირექტორი რიონის ხეობის მცველებს საჯარო დისკუსიაზე იწვევს
FaceBook
რიონის ხეობაში ჰესების მშენებელი კომპანია "ენკას" დირექტორი მერაბ ლომინაძე ხეობის მცველს ვარლამ გოლეთიანს საჯარო დიალოგზე იწვევს.

მერაბ ლომინაძე თვლის, რომ დისკუსიას და მსჯელობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

"კამათი შობს ჭეშმარიტებას, მე ვარლამსა და მის სამეგობროს მოვუწოდებ, რომ ჩვენ შევხვდეთ, დავსხდეთ, გნებავთ კამერებით, გნებავთ კამერების გარეშე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანმა უარი თქვას საკუთარი სიტყვისა და აზრის გამოხატვის უფლებაზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის პროტესტს წყვეტს, მაგრამ აუცილებელია დიალოგის დაწყება, აუცილებელია, მხარეების მოსმენა. აქვე ვიტყვი, თუ ვარლამს არ აქვს ჩემთან კითხვები, მე მაქვს მასთან კითხვები და როგორც ერთ-ერთმა რიგითმა მოქალაქემ დიდი სურვილი მაქვს, რომ ამისათვის ყველა შესაძლებლობა გამოვიყენო“, - აცხადებს მერაბ ლომინაძე.

ხეობის მცველები თვლიან, კომპანიასთან მათ არანაირი კითხვა არ აქვს და მათი კითხვების და პასუხები მთავარი ადრესატები ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, რომლებმაც ტერიტორია გაასხვიეს.

"ჩვენ კითხვები პრემიერ-მინისტრთან გვაქვს, რომელთანაც ვითხოვთ შეხვედრას", - ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

მერაბ ლომინაძე კომპანიის დირექტორის პოზიციაზე ერთი თვის წინ დაინიშნა.

იგი რიონის ხეობაში დანიშვნიდან რამდენიმე დღეში პოლიციასთან ერთად ჩავიდა. სწორედ, მისი ადგილზე გამოჩენის შემდეგ განახლდა ჰესების სამშენებლო სამუშაობი, რასაც ადგილზე მცირე ინციდენტიც მოჰყვა.

სწორედ, ამ პროცესების შემდეგ განთავსდა გუმათჰესთან პოლიციის ე.წ. ბლოგ საგუშაგო, რომელიც სოფელ ნამახვანში შესვლას კრძალავს.

სოფელ ნამოხვანში, სადაც ადგილობრივებმა პროტესტის 168 ღამე  გაატარეს, 11 აპრილს პოლიციამ  მცველების ნების საწინააღმდეგოდ კარვები აიღო, ხოლო ტერიტორია მძიმე ტექნიკით გადახნა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიზეზად მდინარე რიონის ადიდება და ადგილობრივების "უსაფრთხოება" დაასახელა.

ხეობაში ვითარება განსაკუთრებით 3 აპრილს  დაიძაბა. მაშინ როცა, ხეობაში ჰესების  მშენებელი კომპანია "ენკას" ახალი დირექტორი პოლიციასთან ერთად მივიდა. სწორედ, მას შემდეგ განახლდა გიგანტური ჰესების სამშენებლო სამუშაოები. 3 აპრილიდან განთავსდა ე.წ. პოლიციის ბლოგ საგუშაგო სოფელ გუმათთან, სადაც არავის უშვებენ.
რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე
Print