ახალი ამბები
"მოთხოვნები არის უცვლელი" - რიონის ხეობაში ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადებიან
FaceBook
რიონის ხეობაში სოფელ გუმათში აქტივისტებმა პროტესტის 170-ე ღამე გაატარეს.

ისინი  რჩებიან გუმთჰესთან, სადაც კარავი აქვთ გაშლილი. ხეობის "მცველების" თქმით, დღესაც შეეცდებიან სოფელ ნამოხვანში შესვლას და ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას.

"ვგეგმავთ საპროტესტო აქციის გაგრძელებას. ჩვენი მოთხოვნები არის უცვლელი და მოვითხოვთ, რომ დაფიქრდეს ხელისუფლება, ადეკვატურად შეაფასოს პროტესტის ხასიათი, მოცულობა, ადამიანების გულწრფელი განწყობა და ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა უზრუნველყოს, ჩვენი მშვიდობიან ფორმაში ნამოხვანში შესვლა.

ჩვენი პროტესტი უნდა გაგრძელდეს ნამოხვანში, იქ სადაც ეს პროტესტი დაიწყო და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა პროტესტის ყველა მონაწილისათვის და იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონივრულობა და არ შეგვიშლის ხელს", -  ამბობს ერთ-ერთი  "მცველი" მირზა ნოზაძე.


გუმათჰესი ამ წუთებში

გუმათჰესთან სიტუაცია არის უცვლელი.  ტერიტორია გადაკეტილი აქვთ სამართალდამცვლებს, რომელთა უპრეცენდენტო რაოდენობაა მობილიზებული.

სოფელ ნამოხვანში სამართალდამცავებმა აქტივისტების ყველა კარავი აიღეს და ადგილი  ტრაქტორით გადახნეს. კარვების აღების  მიზეზად პოლიციამ ის დაასახელა, რომ არსებობდა მდინარე რიონის ადიდების საფრთხე, რის გამოც აქტივისტებს მდინარის სანაპიროზე გაშლილი კარვები უნდა დაეტოვებინათ.

ხეობაში ვითარება 3 აპრილს მას შემდეგ დაიძაბა, რაც "ენკას" ახალი დირექტორი პოლიციასთან ერთად მივიდა. სწორედ მას შემდეგ განახლდა გიგანტური ჰესების სამშენებლო სამუშაოები. 3 აპრილიდან განთავსდა ე.წ. პოლიციის ბლოგ საგუშაგო სოფელ გუმათთან, სადაც არავის უშვებენ.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე


Print