ახალი ამბები
ხეობის მცველები ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ
FaceBook
მოძრაობა  "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" აქტივისტები და ხეობის მცველები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ  პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  უნდა იყოს პირადად ამ პროცესებში ჩართული და პასუხებიც მისგან უნდა მიიღონ.

"ბატონი პრემიერი უნდა ჩართულიყო პირადად ამ საკითხებში და მასთან უნდა ყოფილიყო შემდგომი განხილვა, როგორც გადაწყვეტილების მიმღებთან. რადგან ნათია თურნავა ვერ იღებს გადაწყვეტილებას და იმ შეხვედრიდანაც (არშემდგარი შეხვედრა მერიაში) იმიტომ გაიპარა, რომ კონკრეტული რაღაცეების თქმა არ შეეძლო. ამიტომაც გვინდა პრემიერთან შეხვედრა", - ამბობს ხეობის ერთ-ერთი მცველი.

ხეობის მცველები  სოფელ ნამოხვანში კარვების დაშლის შემდეგ პროტესტს სოფელ გუმათში აგრძელებენ. ისინი იმ ადგილზე დგანან, რომლის იქითაც სამართალდამცველები არავის უშევებენ.

სოფელ გუმათთან  ტერიტორია პოლიციამ 3  აპრილიდან გადაკეტა და ე.წ. ბლოგ საგუშაგო  მოაწყო. 

ხეობის მცველები და მათი მხარდამჭერები დღესაც ფართომასშტაბიან აქციას გეგმავენ და ამბობენ, რომ კიდევ ერთხელ შეეცდებიან ე.წ. საზღვრის გადალახვას და პროტესტის ადგილზე მისვლას.

სოფელ ნამოხვანში, სადაც ადგილობრივებმა პროტესტის 168 ღამე  გაატარეს, 11 აპრილს პოლიციამ  მცველების  ნების საწინააღმდეგოდ კარვები აიღო, ხოლო ტერიტორია მძიმე ტექნიკით გადახნა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიზეზად მდინარე რიონის ადიდება და ადგილობრივების "უსაფრთხოება" დაასახელა.

ხეობაში ვითარება განსაკუთრებით 3 აპრილს  დაიძაბა. მაშინ როცა, ხეობაში ჰესების  მშენებელი კომპანია "ენკას" ახალი დირექტორი პოლიციასთან ერთად მივიდა. სწორედ, მას შემდეგ განახლდა გიგანტური ჰესების სამშენებლო სამუშაოები. 3 აპრილიდან განთავსდა ე.წ. პოლიციის ბლოგ საგუშაგო სოფელ გუმათთან, სადაც არავის უშვებენ.
რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე
Print