ახალი ამბები
რიონის ხეობაში სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანაა მობილიზებული
FaceBook
რიონის ხეობაში  სპეცრაზმის დამატებითი ძალები და წყლის ჭავლის  მანქანებია მობილიზებული.

ადგილზე სიტუაცია დღეს რამდენჯერმე დაიძაბა.

შსს გაავრცელა ინფორმაცია პროპორციული ძალის გამოყენებაზეც და სიტუაციის დაძაბვის შემთხვევაში არ არის გამორიცხული სპეცრაზმის ჩარევა მოხდეს.

დღეს, ხეობაში გიგანტური ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა  გუმათჰესთან და კომპანია "ენკას" ოფისთან საპროტესტო აქცია-მსვლელობა მოაწყვეს.

სოფელ გუმთთან  პოლიციის მიერ მოწყობილი   ე.წ. საგუშაგოს გარღვევა და სოფელ ნამოხვანში შესვლა სცადეს აქციის მონაწილეებმა, რომელსაც დაპირისპირება მოჰყვა.

ამ დროისთვის  სოფელ გუმთაში ერთადერთ კარავში რჩებიან აქტივისტები და პროტესტს აგრძელებენ.

სოფელ ნამოხვანში სამართალდამცავებმა აქტივისტების ყველა კარავი აიღეს. მიზეზად კი, პოლიციამ ის დაასახელა, რომ არსებობდა მდინარე რიონის ადიდების საფრთხე, რის გამოც აქტივისტებს მდინარის სანაპიროზე გაშლილი კარვები უნდა დაეტოვებინათ.

ხეობაში ვითარება 3 აპრილს მას შემდეგ დაიძაბა, რაც "ენკას" ახალი დირექტორი პოლიციასთან ერთად მივიდა. სწორედ მას შემდეგ განახლდა გიგანტური ჰესების სამშენებლო სამუშაოები. 3 აპრილიდან განთავსდა ე.წ. პოლიციის ბლოგ საგუშაგო სოფელ გუმათთან, სადაც არავის უშვებენ.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე
Print