ახალი ამბები
შსს რიონის ხეობის აქტივისტებს აფრთხილებს
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტრო გუმათჰესთან გამართულ აქციას ეხმაურება და  განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველები უსაფრთხოების მიზნით არიან მობილიზებული და ძალადობის ფაქტებს არ დაუშვებენ რიონის ხეობაში.

"უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად.შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე", -  ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს.

სამართალდამცავებმა მათ სოფელ ნამოხვანში გადაადგილების უფლება არ მისცა, რასაც პოლიციასა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

"ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში  კარვები 168 დღის განმავლობაში იყო გაშლილი, რომელიც 11 აპრილს პოლიციამ აიღო, ხოლო ტერიტორია გადახნა.
ხეობაში ვითარება 3 აპრილს მას შემდეგ დაიძაბა, რაც "ენკას" ახალი დირექტორი პოლიციასთან ერთად მივიდა. სწორედ მას შემდეგ განახლდა გიგანტური ჰესების სამშენებლო სამუშაოები. 3 აპრილიდან განთავსდა ე.წ. პოლიციის ბლოგ პოსტი სოფელ გუმათთან, სადაც არავის უშვებენ.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.

ამავე თემაზე:

"რა დედამ გშობათ" - რიონის ხეობაში პოლიციამ კარვების ნაწილი აიღო
"კარვების აღებით პროტესტს ვერ გააჩერებთ"
"ჩვენი კარვების დარბევას აპირებენ" - რიონის ხეობის "მცველი"
შსს რიონის ხეობიდან კარვების აღებაზე განცხადებას ავრცელებს

Print