ახალი ამბები
გუმათჰესთან აქციისთვის ემზადებიან
FaceBook
გუმათჰესთან აქციის მონაწილეები უკვე იკრიბებიან.

ჰესთან პოლიციის მიერ ისევ ჩაკეტილია გზა და ტერიტორიაზე, სადაც აქციაა დაგეგმილი, მხოლოდ მედიის წარმომადგენლებს და იმ ადამიანებს უშვებენ, ვინც ფეხით გადაადგილდება.


საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 11 აპრილს აქციის ორგანიზატორები ნამოხვანში, სადაც კარვები იყო გაშლილი, პოლიციამ არ შეუშვა.

სამართალდამცავებმა ნამოხვანში აქტივისტების ყველა კარავი აიღეს. მიზეზად კი პოლიციამ ის დაასახელა, რომ არსებობდა მდინარე რიონის ადიდების საფრთხე, რის გამოც აქტივისტებს მდინარის სანაპიროზე გაშლილი კარვები უნდა დაეტოვებინათ.

იმავე საღამოს გუმათჰესთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა. აქციის მონაწილეებს, რომლებმაც გზა ჩაკეტეს და ნამოხვანში გადაადგილების ნებართვას ითხოვდნენ, პოლიციამ გზის გასახსნელად ნახევარსაათიანი ვადა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი პროპორციული ძალის გამოყენება დააანონსა.

გუმათჰესთან აქცია 16:00 საათზეა დაგეგმილი.

პოლიციას ჩაკეტილი აქვს ნამახვანთან მისასვლელი გზაც. პარალელურად მიმდინარეობს სამი დღის წინ მდინარე რიონში გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო სამუშაოები.

ხეობაში ვითარება 3 აპრილს მას შემდეგ დაიძაბა, რაც "ენკას" ახალი დირექტორი პოლიციასთან ერთად მივიდა. სწორედ მას შემდეგ განახლდა გიგანტური ჰესების სამშენებლო სამუშაოები. 3 აპრილიდან განთავსდა ე.წ. პოლიციის ბლოგ პოსტი სოფელ გუმათთან, სადაც არავის უშვებენ.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში 168 დღეა კარვებია გაშლილი. აქტივისტებმა ერთი კვირის წინ, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ნამოხვანისკენ გადაადგილება შეზღუდა, კარავი გაშალეს სოფელ გუმათშიც. სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია „ენკას“ ახალი დირექტორის მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.

ამავე თემაზე:

"კარვების აღებით პროტესტს ვერ გააჩერებთ"
"ჩვენი კარვების დარბევას აპირებენ" - რიონის ხეობის "მცველი"
შსს რიონის ხეობიდან კარვების აღებაზე განცხადებას ავრცელებს

Print