ახალი ამბები
ისრაელში დასაქმების მიზნით რეგისტრაცია დაიწყო
FaceBook
საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ლეგალურად დასაქმების მიზნით რეგისტრაცია დღეიდან შეეძლებათ.
ამის შესახებ ინფორმაციას, ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ისრაელში დასაქმების მიზნით რეგისტრაცია  12 აპრილიდან დაიწყება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

სამინისტროს განმარტებით, ეს არის მნიშვნელოვანი პროგრესი, მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აქვთ საზღვარგარეთ დასაქმების სურვილი, ჰქონდეთ შესაძლებლობა ლეგალურად დასაქმდნენ, არ დარჩნენ არალეგალურად და მათი შრომითი უფლებები იყოს დაცული იმ ქვეყანაში სადაც მუშაობენ.

სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას ჯანდაცვის სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე https://workabroad.moh.gov.ge/ გაივლის.

ისრაელის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1 წლით შეეძლებათ. დასაქმება ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზეა შესაძლებელი.

სამუშაოს ხანგრძლივობა არის 6 სამუშაო დღე კვირაში, სრული განაკვეთი. თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42 საათიანი სამუშაო გრაფიკით, შეადგენს 5300 შეკელს.

ისრაელში ჩასული დასაქმებულები მიიღებენ ვიზას, რომელიც ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება და რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მაქსიმუმ 63 თვემდე. იგეგმება 1000 საქართველოს მოქალაქის დასაქმება წლის ბოლომდე.

დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

განათლება:

საშუალო სკოლა დამთავრებული

სახელმწიფოს მიერ აღიარებული სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი

ინგლისურ ან რუსულ ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა

ზოგადი მოთხოვნები:

საქართველოს მოქალაქე

ასაკი: 25-დან 45 წლამდე

სიმაღლე: არა ნაკლებ 1.5 მეტრი. წონა: არა ნაკლებ 45 კგ

ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი

ნასამართლეობის არ მქონე

ისრაელში მუშაობის ისტორიის არ მქონე

არასდროს უცხოვრია ისრაელში უნებართვოდ

არ უნდა ჰყავდეს მშობლები, მეუღლე, შვილები, რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ისრაელში

კანდიდატმა უნდა განაცხადოს თანხმობა რომ ისრაელში შესვლამდე გაიაროს კოვიდ19-ის ტესტი საქართველოში

კანდიდატი თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ კოვიდ-19-ის ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.

(აღნიშნული მოიცავს კოვიდ-19 ვაქცინაციის 2 დოზის ჩატარებას, 3 კვირის შუალედით).

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს https://www.facebook.com/worknet.gov.ge  ან დაუკავშირდით ცხელ ხაზს – 1505.
Print