ახალი ამბები
"ველოდებით ხალხის მობილიზებას" - რა ხდება რიონის ხეობაში
FaceBook
რიონის ხეობის "მცველებმა", რომლებსაც პოლიციამ სოფელ ნამოხვანში კარვები დაუშალა, პროტესტის 169-ე ღამე სოფელ გუმათში გაათენეს.

სოფელში მხოლოდ ერთი კარავი აქვთ გაშლილი, რის გამოც "მცველების" უმეტესობამ და მათმა მხარდამჭერებმა  ღამე ღია ცის ქვეშ გაატარეს.

ისინი ამბობენ, რომ  სოფელ ნამოხვანში პოლიციამ ალტერნატიულ ადგილას კარვების  განთავსების ნება არ მისცა.

სოფელ ნამოხავნი ერთი მხრიდან პოლიციას  უკვე 3 აპრილიდან აქვს გადაკეტილი და თავიანთი საგუშაგო აქვთ გახსნილი, ხოლო მეორე მხრიდან, რიონის ხეობის მკვიდრებს ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზა ავტომობილებით აქვთ ჩახერგილი.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოქალაქეებს 12 აპრილს, დილიდან გუმათში შეკრებისკენ მოუწოდებს.

"ველოდებით ხალხის მობილიზებას, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მოვიდეს. იმიტომ რომ ადამიანების რაოდენობა  გადამწყვეტია ასეთ შემთხვევებში", - ამბობენ ხეობის "მცველები".

რიონის ხეობაში 11 აპრილი ერთ-ერთი დაძაბული დღე აღმოჩნდა. "მცველების" ნების საწინააღმდეგოდ პოლიციამ კარვები დაშალა. ასევე, შეუზღუდეს როგორც ადგილობრივებს ასევე, ჟურნალისტებსაც სოფელ ნამოხვანში გადაადგილების უფლება.

ხეობაში  ვითარება 3 აპრილს მას შემდეგ დაიძაბა, რაც "ენკას" ახალი დირექტორი პოლიციასთან ერთად მივიდა. სწორედ მას შემდეგ განახლდა  გიგანტური ჰესების სამშენებლო სამუშაოები. 3 აპრილიდან  განთავსდა ე.წ. პოლიციის ბლოგ პოსტი სოფელ გუმათთან, სადაც არავის უშვებენ.

გზა გადაკეტილია რკინის ჯებირებით და პოლიციელები ამოწმებენ როგორც კერძო, მსუბუქ ავტომანქანებს, ასევე სამგზავრო მიკროავტობუსებს.

ადგილობრივების ინფორმაციით, სამართალდამცველები გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ იმ პირებს, რომლებიც შესაძლოა, ხეობის მცველ აქტივისტებს შეუერთდნენ.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში 168 დღეა კარვებია გაშლილი. აქტივისტებმა ერთი კვირის წინ, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ნამოხვანისკენ გადაადგილება შეზღუდა, კარავი გაშალეს სოფელ გუმათშიც. სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია „ენკას“ ახალი დირექტორის მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.


ამავე თემაზე:

"რა დედამ გშობათ" - რიონის ხეობაში პოლიციამ კარვების ნაწილი აიღო
"კარვების აღებით პროტესტს ვერ გააჩერებთ"
"ჩვენი კარვების დარბევას აპირებენ" - რიონის ხეობის "მცველი"
შსს რიონის ხეობიდან კარვების აღებაზე განცხადებას ავრცელებს
Print