ახალი ამბები
"პოლიცია ემზადება რომ დაგვარბიოს" - დაძაბულობა რიონის ხეობაში
FaceBook
რიონის ხეობაში , სოფელ გუმათთან ხეობის "მცველები", აქტივისტები, მათი მხარდამჭერები, ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები რჩებიან.

მათ პოლიციის "საგუშაგოსთან" გზა აქვთ გადაკეტილი.

"კარვების ნაწილი სოფელ ნამოხვანში აღებულია. ჩვენ ვითხოვეთ, თუკი მართლა მდინარე რიონის ადიდების საშიშროება არის და ჩვენზე ზრუნავენ, იმავე სოფელში სხვა ადგილზე მოგვცენ კარვების დადგმის უფლება, რაზეც უარი მივიღეთ. ცხადია, ეს ყველაფერი არის ფარსი, არ ვაპირებთ ამ ადგილიდან დაძვრას. პირიქით,  უფრო მეტ ხალხს ველოდებით. პოლიცია ემზადება ჩვენს დასარბევად",
- ამბობს რიონის ხეობის "მცველი" ვარლამ გოლეთიანი. მისი თქმით, მათ "უფლება მისცეს"  კარვების სოფელ გუმათთან  დადგმის.

"აქ გვაქვს კარავი და მეტი აღარ გვინდა. ჩვენი პროსტესტის ადგილი არის სოფელი ნამოხვანი, სადაც ჰესები შენდება".

სოფელ ნამოხვანში, ადგილობრივებს პროტესტის ნიშნად 168 დღეა კარვები აქვთ გაშლილი, რომლის აღების ბრძანება დღეს იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა გასცა. ამასთანავე, აკრძალეს ნამოხვანში გაადგილება ნებისმიერი პირისთვის, მათ შორის ჟურანალისტებისთვისაც.

ადამიანები, რომლებიც უკვე 5 თვეა კარვებში ათენებ, აცხადებენ, რომ თავიანთი ნივთების აღების უფლებას არ აძლევენ.

"რა დედამ გშობათ, გამყიდველებო თქვენ", - ამ შეძახილების ფონზე უწევდა კარვების გატანა სამართალდამცველებს.

თუ რატომ გახდა საჭირო კარვების გატანა ხეობიდან - აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

რიონის ხეობაში გადაადგილება შეზღუდულია 3 აპრილის შემდეგ. სოფელ გუმათში საპოლიციო ძალები აკონტროლებენ ხეობის შესასვლელს.

გზა გადაკეტილია რკინის ჯებირებით და პოლიციელები ამოწმებენ როგორც კერძო, მსუბუქ ავტომანქანებს, ასევე სამგზავრო მიკროავტობუსებს.

ადგილობრივების ინფორმაციით, სამართალდამცველები გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ იმ პირებს, რომლებიც შესაძლოა, ხეობის მცველ აქტივისტებს შეუერთდნენ.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში 168 დღეა კარვებია გაშლილი. აქტივისტებმა ერთი კვირის წინ, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ნამოხვანისკენ გადაადგილება შეზღუდა, კარავი გაშალეს სოფელ გუმათშიც. სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია „ენკას“ ახალი დირექტორის მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.

ამავე თემაზე:

"რა დედამ გშობათ" - რიონის ხეობაში პოლიციამ კარვების ნაწილი აიღო
"კარვების აღებით პროტესტს ვერ გააჩერებთ"
"ჩვენი კარვების დარბევას აპირებენ" - რიონის ხეობის "მცველი"
შსს რიონის ხეობიდან კარვების აღებაზე განცხადებას ავრცელებს
Print