ახალი ამბები
"ჩვენი კარვების დარბევას აპირებენ" - რიონის ხეობის "მცველი"
FaceBook
რიონი ხეობაში კარვებს , სადაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგებს 168 -დღეა აქვთ გაშლილი, პოლიცია შლის.




საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განმარტებით, მათ დაუკავშირდნენ იმერეთის სამხარეო პოლიციიდან და აცნობეს, რომ კარვების აღების გეგმა მდინარე რიონში გაუჩინარებული ადამიანის სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს უკავშირდება.

"პოლიცია ჩვენი კარვების დარბევას აპირებს. ეს არის სულში ჩაფურთხება. ახლა არ არის დრო სახლში ჯდომის, ყველა უნდა მოვიდეს და აქ უნდა დავდგეთ, რამდენადაც შეგვიძლია მშვიდად და ემოციებს არ ავყვეთ", - ამბობს ხეობის "მცველი" ვარლამ გოლეთიანი.

მისი თქმით, სამძებრო სამუშაოები არის მხოლოდ საბაბი იმისა რომ კარვები დაშალონ.

„ცდილობენ, რომ ბოლომდე გადაუარონ ჩვენს ღირსებას, ამას გვეუბნებიან ამ მოქმედებებით, რომ არ აინტერესებთ ჩვენი აზრი და არ გვითვალისწინებენ. ვერაფერს ისინი ვერ ასაბუთებენ. უბრალოდ აქვთ ძალაუფლების ბერკეტი ხელში და ბოლომდე იყენებენ ამ თავის ძალაუფლებას. ამას ყველაფერს ადეკვატურ პასუხს გასცემს ხალხი“ - აცხადებენ ხეობის მცველები.

30 წლამდე მამაკაცი 10 აპრილს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, ადიდებულ მდინარე რიონში გადახტა. რომლის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

რიონის ხეობაში გადაადგილება შეზღუდულია 3 აპრილის შემდეგ. სოფელ გუმათში საპოლიციო ძალები აკონტროლებენ ხეობის შესასვლელს. ადგილობრივების ინფორმაციით, გზა გადაკეტილია რკინის ჯებირებით და პოლიციელები ამოწმებენ როგორც კერძო, მსუბუქ ავტომანქანებს, ასევე სამგზავრო მიკროავტობუსებს.

ასევე ადგილობრივების ინფორმაციით, სამართალდამცველები გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ იმ პირებს, რომლებიც შესაძლოა, ხეობის მცველ აქტივისტებს შეუერთდნენ.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ მშენებლობის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში 168 დღეა კარვებია გაშლილი. აქტივისტებმა ერთი კვირის წინ, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ნამოხვანისკენ გადაადგილება შეზღუდა, კარავი გაშალეს სოფელ გუმათშიც. სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია „ენკას“ ახალი დირექტორის მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.


Print