ახალი ამბები
„გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე ფულის კეთება სირცხვილია"- გიგა შუშანია თავშესაფარში ცხოვრების ვადის შემცირებაზე
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი გიგა შუშანია, ქუთაისის მერსა და საკრებულოს მოუწოდებს, გააუქმონ სოციალურ საცხოვრისში ცხოვრების ვადის შემცირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ დადგენილება კორუფციის რისკებს შეიცავს და მექანიზმები, რომლებსაც ადგილობრივი ხელისუფლება ფლობს, თავშესაფრის გარეშე დატოვებით ემუქრება შენობაში მცხოვრებლებს.

"გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე ფულის კეთება არის სირცხვილი. სულ უფრო ბუნდოვანი ხდება კრიტერიუმები, მაგალითად ის, რომ თუ 10 დღე არ იცხოვრებს ადამიანი თავშესაფარში, მერიას შეუძლია დაატოვებინოს საცხოვრებელი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს მექანიზმები შეიცავს კორუფციის ნიშნებს. თუნდაც, საბინაო სამსახურის უფროსს შეუძლია თქვას, რომ ათი დღე არ იყო რომელიმე ბენეფიციარი სახლში და გამოუშვას საცხოვრისიდან, ან იმუშაოს ადამიანმა სადმე, დღიურად 20 ლარი იშოვოს ოჯახის გამოსაკვებად და ეს შეიძლება ჩაითვალოს მისი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებად. მოვუწოდებ ქუთაისის მერს და საკრებულოს, გააუქმონ ეს გადაწყვეტილება"
, - განაცხადა გიგა შუშანიამ.

საბინაო სამსახურის უფროსი, ჯონი არაბიძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით სამართლიანობა აღდგა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საცხოვრებლის მომლოდინეთა რიგშია.

"შეიძლება ითქვას, რომ სამართლიანობა აღდგა მომლოდინეთა რიგში მყოფი ადამიანებისთვის. ხუთი წელი ბევრია, ამ დროში შეიძლება ათასჯერ შეიცვალოს ბენეფიციარის მდგომარეობა და რადგან არის მომლოდინეთა რიგი, თუ არ სჭირდება ადამიანს, რატომ უნდა დაიკავოს ფართი? სინამდვილეში არსებითად არაფერი შეცვლილა. გასწორდა ხარვეზი ბენეფიციარებთან გაფორმებულ ხელშეკრულებასა და დადგენილებას შორის. ხელშეკრულებაში ეწერა ორი წელი, ხოლო დადგენილებაში ხუთი. მოხდა ამის გასწორება", - ამბობს საბინაო სამსახურის უფროსი ჯონი არაბიძე.


სოციალურ საცხოვრისში 82 ოჯახი 2017 წელს იმ პირობით შესახლდა, რომ ხუთი წლის განმავლობაში მათ შენობას არავინ დაატოვებინებდა, თუმცა, სამი წლისა და ექვსი თვის შემდეგ მერია ამბობს, რომ ხელშეკრულებაში, რომლებიც ბენეფიციარებთან გააფორმეს, ტექნიკური ხარვეზი იყო და მათ საცხოვრისში ცხოვრების უფლება არა ხუთი, არამედ მხოლოდ ორი წლით ჰქონდათ. თუმცა, მერია არაფერს ამბობს იმაზე, თუ რატომ არ გამოასწორა ხარვეზი აქამდე და რატომ გაახსენდა შეცდომის გასწორება სამწელიწად ნახევრის შემდეგ.

იმის მიუხედავად, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხუთწლიანი ვადა ამოწურული არ არის, მერიამ უკვე გამოითხოვა თავშესაფარში მცხოვრებთა სარეიტინგო ქულები, რომელთა განხილვის შემდეგაც გადაწყვეტს ვინ დარჩება შენობაში და ვინ დატოვებს თავშესაფარს.


ქუთაისის სოციალური საცხოვრისი 2017 წელს გაიხსნა. ყოფილი კავშირგაბმულობის შენობის რეაბილიტაცია ბიუჯეტს 4 372 000
არი დაუჯდა, თუმცა, სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა. შენობაში გახსნიდან ერთ თვეში ჭერი ჩამოინგრა. მოგვიანებით საქმეზე გამოძიებაც დაიწყო, თუმცა, ამ დრომდე პასუხისგებაში არავინ მიცემულა.



ამავე თემაზე:



მოტყუებული ბენეფიციარები და სამი წლით შემცირებული ცხოვრების უფლება თავშესაფარში (ვიდეო)
Print