ახალი ამბები
"არ ვეთანხმებით ოქმს, რომელიც შედგა" - ადვოკატი რიონის ხეობის "მცველის" დაკავებაზე
FaceBook
რიონის ხეობაში დაკავებული აქტივისტის, ლაშა ქუთათელაძის ინტერესებს სასამართლოში "საია" დაიცავს.
არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტი სალომე სალდაძე უკვე გაეცნო დაკავების ოქმს და აცხადებს, რომ არ ეთანხმება. როგორც მან  ქუთაისიპოსტთან საუბარში განაცხადა, დაკავებულს გუმათთან საპოლიციო პოსტის გადაკვეთას ედავებიან, რაც სინამდვილეში  არ მომხდარა, რადგან დაწესებული შეზღუდვა არალეგიტიმურია.

"დაკავებული მიდიოდა ჩვეულებრივი სამგზავრო მიკროავტობუსით, რაც მას აკრძალული არ ჰქონდა. შესაბამისად, ჩვენ არ ვეთანხმებით ოქმს, რომელიც შედგა 173-ე მუხლის საფუძველზე და მივიჩნევთ, რომ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს", - განაცხადა სალომე სალდაძემ.

ადვოკატი ახლა დაკავებულის სასამართლო პროცესის გამართვის დროისა და ფორმატის შესახებ ელოდება ინფორმაციას. ჯერჯერობით უცნობია როგორ ჩატარდება პროცესი -  სხდომათა დარბაზში თუ დისტანციურ რეჟიმში.

ლაშა ქუთათელაძე პოლიციამ 9 აპრილს, იმ დროს დააკავა, როცა აქტივისტი სოფელ ნამოხვანში, კარვებში დაბრუნებას ცდილობდა. დაკავებულს  1000-დან 4000 ლარამდე ჯარიმა, ან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება.

რიონის ხეობაში უკვე რვა დღეა საპოლიციო პოსტია მოწყობილი. გუმათჰესის ტერიტორიაზე უწყვეტ რეჟიმში არიან სამართალდამცავები მობილიზებული და რკინის ჯებირებით აქვთ ხეობა გაყოფილი.



ამავე თემაზე:


"არ არსებობს გადაადგილების შეზღუდვის აუცილებლობა" - რიონის ხეობაში სახალხო დამცველი ჩავიდა
Print