ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი ნამახვანჰესთან დაკავშირებით კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში  მოხსენებით გამოსვლისას ნამახვანჰესის  ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.


მისი თქმით, სასურველია, შეიქმნას სახელმწიფო კომისია, სადაც ეკონომისტები, ენერგეტიკოსები, ბუნების დამცველები, ადგილობრივი მოსახლეობა და უცხოელი ექსპერტები ერთად განიხილავენ არა მხოლოდ ამ კონკრეტული ჰესის ბედს, არამედ მომავალ გეგმებსა და პერსპექტივას ენერგეტიკის მიმართულებით.

„ერთი მხრივ, ის საზოგადოება, ვისი წუხილიც ძალიან კარგად მესმის და ვუთანაგრძნობ, ითხოვს ჩვენი ბუნებრივი რესურსებისა და მიწის დაცვას უხეში ჩარევისა და ზემოქმედებისგან. ადგილობრივი მოსახლეობა აპელირებს იმ საფრთხეებზე, რომელიც ემუქრება ზოგადად ეკოლოგიას, რეგიონში სოფლის მეურნეობას, მეღვინეობისა და ტურიზმის პოტენციალს.

მეორე მხრივ კი, ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკის გაცოცხლებასა და ენერგო-დამოუკიდებლობას ანიჭებს უპირატესობას და ადამიანის სიდუხჭირიდან თავის დაღწევაზე აპელირებს.

ორივე მხარეს აქვს ძლიერი არგუმენტები. უალტერნატივოდ მიმაჩნია ორივე მოსაზრების გათვალისწინება და შეჯერება. ამისათვის საჭიროა მეტი კომუნიკაცია, მეტი საჯაროობა, მეტი გაანალიზება ყველა არგუმენტის და ყველა შესაძლო საფრთხის.

ასეთი მსჯელობა მაქსიმალურად გასაჯაროებული უნდა იყოს. თუ საჭიროდ ჩაითვლება, პრეზიდენტის სასახლის პლატფორმა შეიძლება გამოყენებულ იქნას ამ მიზნისთვის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა უკვე 166-ე ღამე გაათიეს კარვებში. ისინი მოითხოვენ კომპანია "ენკამ" დატოვოს რიონის ხეობა, შეწყდეს ჰესის მშენებლობა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. ხეობის მცხოვრებლებისთვის მიუღებელია მთავრობის ხუთპუნქტიანი შეთავაზება, რადგან, როგორც ისინი აცხადებენ, ხელისუფლების გეგმა მათ მოთხოვნებს არ პასუხობს.

ხეობის "მცველები" მორიგი საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან, თუმცა, დრო და ადგილი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.
Print