ახალი ამბები
ქუთაისის მერი თვლის, რომ ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის გაცემას ერთჯერადი საშვის ამოწერა ჯობია
FaceBook
ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა ჩათვალა, რომ ჟურნალისტებისთვის ერთჯერადი საშვის ამოწერა უფრო მისაღებია, ვიდრე აკრედიტაცია,
რომელიც მედიის წარმომადგენლებს მერიის შენობაში თავისუფლად გადაადგილების უფლებას მისცემს.

მერმა ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ჟურნალისტების ნაწილმა ახალი რეგულაცია, რომელიც მედიის წარმომადგენლებს შენობაში საშვის გარეშე გადაადგილებას უკრძალავს, არასწორად გაიგო.

თუმცა, თუ ადგილობრივი ხელისუფლების მიზანი არ არის მედიისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, რატომ არ აკეთებს მერია აკრედიტაციებს, ამაზე იოსებ ხახალეიშვილს პასუხი არ აქვს.

მერმა დღესვე ჟურნალისტებს ახალი მედიაცენტრი შეახსენა, რომელიც ჯერ არ გახსნილა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ჟურნალისტებისთვის სამუშაო სივრცე მერიის პირველ სართულზეა მოწყობილი, მედიის წარმომადგენლებს შენობაში გადასაადგილებლად კვლავ საშვი დასჭირდებათ.

"არასწორად გაქვთ გაგებული. არასწორად ლაპარაკობთ. თქვენ თუ მეუბნებით, რომ პრობლემა არის, მე გეუბნებით, რომ ასე არ არის. ამ ეტაპზე აკრედიტაციას ვერ ვაკეთებთ. ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ საშვები არის მისაღები ფორმა. აკრედიტაცია თქვენ გექნებათ მედიაცენტრში, ვინც გნებავთ ჩამოვა და იქნება თქვენთან"
, - უთხრა მან ჟურნალისტებს.

ამიერიდან, ჟურნალისტებისთვის ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გადაადგილება სატელეფონო ზარზეა დამოკიდებული. მედიის წარმომადგენელმა შენობაში შესვლა პრესსამსახურს უნდა შეუთანხმოს. მანამდე იმავე პრესსამსახურის თანამშრომელს უნდა განუმარტოს ვიზიტის მიზეზი, დაუსახელოს რესპონდენტი, რომელთან ინტერვიუც წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული და ამოიწეროს ელექტრონული საშვი. ჟურნალისტი, რომლის საქმიანობაშიც გადამწყვეტია ინფორმაციის ოპერატიულად მიღება, შენობაში შესვლას  მხოლოდ ამ პროცედურის გავლის და შესაბამისი ნებართვის მიღების შემთხვევაში შეძლებს.

მერიის გადაწყვეტილებაში ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლის რისკებს ხედავენ არასამთავრობო ორგანიზაციებში. "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი, იურისტი ლელა მოწონელიძე ამბობს, რომ ეს მოცემულობა კონკრეტული თანამდებობის პირებს საშუალებას აძლევს შერჩევით მისცეს ჟურნალისტებს შენობაში შესვლის ნებართვა.

გარდა ამისა, ახალი რეგულაცია ზრდის სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის დარღვევის რისკს, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. იურისტი მიიჩნევს, რომ მერიამ უნდა გამოიყენოს ისეთი უწყებების პრაქტიკა, რომლებიც ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციებს ამზადებენ, რათა უზრუნველყოფილი და გარანტირებული იყოს მათი გადაადგილება ადმინისტრაციულ შენობაში.

"ჟურნალისტის საქმიანობა დაცულია საქართველოს კანონდებლობით, რაც გულისხმობს იმას, რომ მედიის წარმომადგენლებს აქვთ უფლება გააშუქონ მიმდინარე საკითხები ან მათთვის საინტერესო მოვლენები. ეს ჩანაწერები, რომლებიც როგორც მერიამ განაცხადა, ჩაიდო შინაგანაწესის კონკრეტულ მუხლებში, შეიძლება შეიცავდეს რისკს იმისა, რომ ინდვიდუალური მიდგომა იქნას გამოყენებული სხვდასხვა მედიის წარმომადგენლების მიმართ. თუნდაც,  თანამდებობის პირმა კონკრეტული თემის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება დართავს თუ არა ნებას ჟურნალისტს შენობაში შესვლაზე. ეს თავის მხრივ გამოიწვევს ჟურნალისტისთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლას. მიგვაჩნია, რომ მერიას შუძლია გამოყენოს სხვა უწყებების, ან თუნდაც პარლამენტის პრაქტიკა და მისცეს ჟურნალისტებს კონკრეტული ვადით განახლებადი აკრედიტაცია, რათა  თემისა და პიროვნების მიხედვით ნებართვის გაცემის რისკი ავირიდოთ",  -  ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი ლელა მოწონელიძე.

ქუთაისის მერიაში  მედიის წარმომადგენლები ამ დრომდე თავისუფლად გადაადგილდებოდნენ.

ამავე თემაზე:


Print