ახალი ამბები
14-ჯერ შემცირებული ტურიზმი და ქუთაისი ტურისტების მოლოდინში
FaceBook
კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ,  ქუთაისში ტურისტების რაოდენობა 14-ჯერ შემცირდა.

იმერეთის ტურიზმის ცენტრის ინფორმაციით,  2020 წელს ტურისტები ქუთაისს მხოლოდ იანვარ-თებერვალში სტუმრობდნენ.  ამ წელს, კორონავირუსის შეზღუდვების ფონზე ქალაქში მხოლოდ 1684 ტურისტი ჩამოვიდა. წელს კი ტურიზმის ცენტრისთვის ვიზიტორებს არ მიუმართავთ. თუმცა, რამდენიმე ჯგუფი ქალაქში უკვე იმყოფებოდა. მათ შორის ამერიკელი და გერმანელი ტურისტები.




ქუთაისში ვიზიტორებისთვის პიკური პერიოდი აგვისტო და სექტემბრის თვეებია. ყველაზე ხშირად  ტურისტები გერმანიიდან და პოლონეთიდან ჩამოდიან. 2019 წელს ქუთაისს 24 050 ტურისტი ეწვია. ქვეყნების პირველ ათეულში მოხვდა: გერმანია, პოლონეთი, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, რუსეთი, ჩეხეთი, ესპანეთი, იტალია, ლიტვა და ნიდერლანდები.  დაახლოებით,  იგივე სურათია 2021 წლის ტოპ ქვეყნების ჩამონათვალში.

ქუთაისში ტურისტების ჩამოსვლა პირდაპირ არის დაკავშირებული ფრენების აღდგენაზე.

ქუთაისის აეროპორტიდან ავიარეისების განხორციელება მიმდინარე წლის მარტის  ბოლოდან უნდა დაწყებულიყო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა მაშინ აცხადებდა, რომ ავიაკომპანია "ვიზეარი" კვირაში 45 ფრენას 20 მიმართულებით შეასრულებდა. მოგვიანებით თავად "ვიზეარმა" განაცხადა, რომ 2021 წლის ზაფხულის ფრენების ნაწილს აუქმებდა. ჯერჯერობით, უცნობია ზუსტი თარიღი როდის შეძლებენ  ტურისტები ქუთაისის აეროპორტით სარგებლობას.


Print