ახალი ამბები
რიონის ხეობაში კაშხლის მშენებლობა გადაიდო - ნათია თურნავა
FaceBook
ის მიზეზი, რაც იწვევდა "ნამახვანი ჰესის" უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გულწრფელ წუხილს, მოხსნილია

- კაშხლის მშენებლობა გადაიდო, ვიდრე პასუხი არ გაეცემა ყველა კითხვას,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განცხადა.

მინისტრის თქმით, კომპანია, დღეს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საგზაო სამუშაოებს ახორციელებს.

„მსურს მივმართო საპროტესტო აქციის მონაწილეებს - ის მიზეზი, რაც იწვევდა მათ გულწრფელ შეკითხვებს და წუხილს „ნამახვანი ჰესის" უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად დღეს მოხსნილია - კომპანიასთან შეთანხმებით, კაშხლის მშენებლობა გადაიდო და ის არ დაიწყება უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი. კომპანია, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დღეს ახორციელებს საგზაო სამუშაოებს",- განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, დაწყებულია ღია დიალოგი ყველა დაინტერესებულ პირთან და ექსპერტთან და გახსნილია ყველა კვლევა, რაც წლების მანძილზე აქვს მომზადებული კომპანიას.

„მზად ვართ, თითოეულ ამ კვლევაზე ვისაუბროთ - რა კითხვები არსებობს, როგორ გავაუმჯობესოთ საჭიროების შემთხვევაში და ვიდრე არ გვექნება სრული გარანტიები და ეს გარანტიები არ იქნება ცნობილი მოსახლეობისთვის, ვიდრე არ დავარწმუნებთ მათაც, რომ „ნამახვანი ჰესის" კაშხალი არის რეალურად უსაფრთხო, რაშიც ჩვენ ვართ დარწმუნებულები, მაგრამ გვინდა, რომ მეტი ნდობა შეიქმნას მოსახლეობაში. მანამდე კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

რიონის ხეობაში, სადაც გიგანტური ჰესი უნდა აშენდეს. ხეობაში ვითარება 3 აპრილს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე პოლიციის თანხლებით კომპანია "ენკას" ახალი დირექტორი მივიდა. მერაბ ლომინაძე რიონის ხეობის მცველებსაც შეხვდა. მან ხეობის მცველებს უთხრა, რომ მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, მოსამზადებელი სამუშაოები არ შეჩერდებოდა, შესაბამისად, ტერიტორიაზე ტექნიკაც შეიყვანეს. ამის გარდა, ხეობაში აკრძალულია გაადგილება. პოლციამ გუშინვე აღმართა საკომუნიკაციო სიგნალების ჩამხშობი აპარატურა, რაც აფერხებს მედიის მუშაობას.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.
Print