ახალი ამბები
კომპანია "ენკა" სახალხო დამცველს მიმართავს
FaceBook
რიონის ხეობასი გიგანტური ჰესის მშენებლი კომპანია "ეკნა" სახალხო დამცველს მიმართავს.

"მივმართავთ სახალხო დამცველს (Ombudsman), შეისწავლოს პროექტის მოწინააღმდეგეთა მხრიდან ჩვენი თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების შეურაცხყოფის ფაქტები.
რამდენიმე თვეა, რაც მოქალაქეთა ერთი ნაწილი, რომლებიც თავს „რიონის ხეობის მცველებს“ უწოდებს, კომპანია „ენკა რინიუებლზის“ თანამშრომლებს თავიანთი უფლებამოვალეობის სრულფასოვნად შესრულების შესაძლებლობას არ აძლევს. ე.წ. „მცველები“ მათზე ახორციელებენ უწვავეს ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რის გამოც კომპანიის რამდენიმე ათეული თანამშრომელი, რომლებიც ხეობის სოფლებში ცხოვრობენ, იძულებული არიან უარი თქვან სამსახურზე და ოჯახები გარანტირებული შემოსვლის გარეშე დატოვონ.

გამონაკლისი არც 2021 წლის 3 აპრილი იყო, როდესაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ ნამოხვანთან პროექტის მოწინააღმდეგეთა ამ ჯგუფმა კიდევ ერთხელ სცადა კომპანია „ენკა რინიუებლზის“ თანამშრომლების საქმიანობის ხელშეშლა, მაგრამ ამის გაკეთების საშუალება მათ პოლიციის ქვედანაყოფებმა არ მისცეს, რისთვისაც მადლობას ვუხდით სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს.

მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულმა ინციდენტმა შედარებით მშვიდად ჩაიარა, კარგად გვესმის, რომ მსგავს ფაქტებს გაგრძელება აუცილებლად მოყვება. ჩვენს არქივში ინახება არაერთი ვიდეო მტკიცებულება პროექტის მოწინააღმდეგეთა მონაწილეობით, სადაც ისინი ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან როგორც ინვესტორი კომპანიის „ენკა რინიუებლზის“ მენეჯერებს, განსაკუთრებით სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ასევე რიგით თანამშრომლებსაც.

„ენკა რინიუებლზი“, რომლის დამფუძნებლებიც ნორვეგიისა და თურქეთის მსხვილი საინჟინრო - ენერგეტიკული კორპორაციები არიან, სადღეისოდ რიონის ხეობის უმსხვილესი დამსაქმებელია. უშუალოდ ჰესის ძირითადი ნაგებობების მშენებლობის პერიოდში კომპანია საქართველოს 1600 - მდე მოქალაქეს დაასაქმებს, რომელთა დიდი ნაწილიც ადგილობრივი იქნება, თუმცა უკვე დღეს კომპანიაში 200-მდე ადგილობრივი მუშაობს. ძირითადად, სწორედ მათ ფიზიკურ უსაფრთხოებას ექმნება საფრთხე პროექტის მოწინააღმდეგეთა მხრიდან.

სამწუხაროდ, პროტესტის მონაწილეთა ერთი ნაწილის დაბალი პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე, მათი პროტესტი სცდება გამოხატვის თავისუფლების საზღვრებს და მიმართულია „ენკა რინიუებლზის“ ადგილობრივი მუშახელისა და მათი ოჯახის წევრების უწვავესი ფსიქოლოგიური ზეწოლისკენ. ჩვენმა კომპანიამ შეკრიბა ამ ფაქტების ამსახველი ვიდეო მტკიცებულებები და აპირებს, გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს სათანადო ღონისძიებების გასატარებლად.

სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, კომპანიისთვის გაუგებარია, რა მოსაზრებით აარიდა თავი 2021 წლის 3 აპრილს სახალხო დამცველის დასავლეთ საქართველოს რეგიონალური სამმართველოს უფროსმა მადონა ბასილაძემ „ენკა რინიუებლზის“ მენეჯმენტთან და კომპანიის თანამშრომლებთან შეხვედრას. იმედი გვინდა ვიქონიოთ, რომ ეს მოხდა დროის დეფიციტიდან გამომდინარე და მსგავსი შეხვედრა აუცილებლად შედგება, რომლის დროსაც ჩვენ სახალხო დამცველის სპეციალურ წარმომადგენელს მივაწვდით სხვადასხვა ფაქტებს იმისა, როგორ არღვევს პროექტის მოწინააღმდეგეთა ერთი ნაწილი ჩვენი კომპანიის თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ძირითად უფლებებს.

ამდენად, მოვუწოდებთ სახალხო დამცველს, ქალბატონ ნინო ლომჯარიას, ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებული საკითხების შესწავლისას, პირადად დაინტერესდეს ქსენოფობიური და სხვა სახის დისკრიმინაციული განცხადებებით, რომლებიც კეთდება ნამახვანი ჰესის პროექტში ჩართული პირების წინააღმდეგ 2020 წლის შემოდგომიდან მოყოლებული. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული ფაქტები იქნება სათანადოდ შესწავლილი და შეფასებული", - ნათქვამია  "ენკას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ წუთებში რიონის ხეობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც სპეცრაზმია მობილიზებულია. ასევე, ადგილზე შეყვანილია წყლის ჭავლის მანქანაც.

რიონის ხეობაში, სადაც გიგანტური ჰესი უნდა აშენდეს, ვითარება 3 აპრილს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე პოლიციის თანხლებით კომპანია "ენკას" ახალი დირექტორი მივიდა. მერაბ ლომინაძე რიონის ხეობის

მცველებსაც შეხვდა. მან ხეობის მცველებს უთხრა, რომ მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, მოსამზადებელი სამუშაოები არ შეჩერდებოდა, შესაბამისად, ტერიტორიაზე ტექნიკაც შეიყვანეს. ამის გარდა, ხეობაში აკრძალულია გაადგილება. პოლციამ გუშინვე აღმართა საკომუნიკაციო სიგნალების ჩამხშობი აპარატურა, რაც აფერხებს მედიის მუშაობას.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.
Print