ახალი ამბები
"მოგვეცეს ჩვენი პროტესტის ძირითად ადგილზე გადაადგილების საშუალება"
FaceBook
რიონის ხეობაში, სოფელ გუმათში დაგეგმილი საპროტესტო აქციისთვის  მოქალაქეები  იკრიბებებიან.


მკაცრი საპოლიციო კონტროლის გამო ხეობაში  გიგანტური ჰესის მშენებლობის  მოწინააღმდეგეები აქციის ადგილზე ფეხით მიდიან.

"დღეს, შევიკრიბეთ ერთადერთი მოთხოვნით, მოგვეცეს ჩვენი პროტესტის ძირითად ადგილზე გადაადგილების საშუალება. გუშინდელი დღიდან აქ, ჩამდგარია პოლიცია და არავის უშვებს პროტესტის ადგილზე. რის საფუძველზე უნდა შეეზღუდოთ ადამიანებს გადაადგილება ჩვენთვის გაუგებარია", - ამბობს რიონის ხეობის "მცველი" ვარლამ გიოლეთიანი.

ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი, წყლისჭავლის მანქანა და პოლიციის დიდი რაოდენობა.



რიონის ხეობაში, სადაც გიგანტური ჰესი უნდა აშენდეს, ვითარება 3 აპრილს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე პოლიციის თანხლებით კომპანია "ენკას" ახალი დირექტორი მივიდა. მერაბ ლომინაძე რიონის ხეობის
მცველებსაც შეხვდა. მან ხეობის მცველებს უთხრა, რომ მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, მოსამზადებელი სამუშაოები არ შეჩერდებოდა,  შესაბამისად, ტერიტორიაზე ტექნიკაც შეიყვანეს. ამის გარდა, ხეობაში აკრძალულია გაადგილება. პოლციამ გუშინვე აღმართა საკომუნიკაციო სიგნალების ჩამხშობი აპარატურა, რაც აფერხებს მედიის მუშაობას.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.
Print