ახალი ამბები
დაუყოვნებლივ დატოვოს პოლიციამ რიონის ხეობა - EMC, საია და მწვანე ალტერნატივა
FaceBook
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მწვანე ალტერნატივა და სოციალური სამართლიანობის ცენტრი მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახალხო დამცველს მიმართავენ.

დღეს დილიდან რიონის ხეობაში დაძაბული სიტუაციაა, პოლიციამ ჩაკეტა ხეობაში იმ ადგილებამდე მისასვლელი გზა, სადაც ნამახვანჰესის მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს.


"ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით ხელისუფლების მხრიდან საპოლიციო, საინფორმაციო და ადმინისტრაციული რესურსების მაქსიმალურ მობილიზებას ნამახვანი ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების არაღიარების და დისკრედიტაციის მიზნით. თუმცა, დღეს ხელისუფლება უკვე ფუნდამენტური უფლებების ხელყოფით, რეპრესიული აპარატის აგრესიული გამოყენებით საზოგადოებრივ ჯგუფებთან დემოკრატიული დიალოგისა და სამართლებრივი გზებით შექმნილი კრიზისის გადაჭრაზე უარს აცხადებს. პროცესის ამგვარი რადიკალიზების საფუძველი, სახელმწიფო უწყებების მხრიდან, ბუნდოვანია და საჯარო ინტერესისა და დემოკრატიული ღირებულებების საწინააღმდეგო", - წერია განცხადებაში.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ დაარღვია პროტესტის მონაწილეებისთვის მიცემული პირობა, რომ ყველა არსებულ კითხვას უპასუხებდნენ და ამ კითხვებზე პასუხის გაცემამდე შეჩერდებოდა სამუშაოები.

"სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ნამახვანი ჰესის მშენებლობის პროცესის პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტის გზას არ იყენებს და სწორედ ადამიანის უფლებების და სოციალური სამართლიანობის დაცვის მიზნით მისთვის გადაცემულ საპოლიციო უფლებამოსილებას, დღეს მისივე მოქალაქეების ინტერესების და თავისუფლებების წინააღმდეგ იყენებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციების მოწოდების ტექსტი ასეთია:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

დაუყოვნებლივ უზრუნველყოს გადაადგილების აღდგენა სოფელ ნამოხვანის მიმართულებით, არ გამოიყენოს საპოლიციო ძალა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ და უზრუნველყოს გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის ფუნდამენტური უფლებების განუხრელად დაცვა;

საქართველოს მთავრობას:

დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ადგილზე მიმდინარე ყველა ტიპის სამშენებლო სამუშაოების, მათ შორის, დაუსაბუთებლად განახლებული მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერება, საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე;

პროექტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შესახებ დემოკრატიული და სათანადო საჯარო დისკუსიების წარმართვამდე, უარი თქვას ნამახვანი ჰესის მშენებლობის შესახებ მიღებული უკიდურესად პრობლემური გადაწყვეტილების რეპრესიული მეთოდებით აღსრულებაზე;

საქართველოს სახალხო დამცველს:

შემჭიდროვებულ ვადებში უზრუნველყოს დღეს რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენების შეფასება ადამიანის უფლებების შუქზე, რამდენადაც უკანონო და დაუსაბუთებელი შეზღუდვებიდან გამომდინარე, ადგილზე მხოლოდ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ჰქონდათ დაშვება, ხოლო მიმდინარე მოვლენების მიმართ არსებობს განსაკუთრებულად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი.

ადგილზე დღეს დილიდან ჩასული იყო ჰესის მშენებელი კომპანიის ახალი დირექტორი, მერაბ ლომინაძე. მან მოსახლეობას, პროტესტის მიუხედავად, უთხრა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები არ შეჩერდება.

"ყველას აქვს თავისი დღის წესრიგი იმ საქმეში, რასაც ემსახურებიან. ყველამ უნდა გააკეთოს თავისი საქმე ამ დიდ სურათში... მე დამევალა და ფუნქციონალში ეგ მაქვს, რომ აქ მოვიდე და დავიწყო მოსამზადებელი სამუშაოები ჩვეულებრივ რეჟიმში..." - თქვა კომპანიის ახალმა დირექტორმა.

ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.

რიონის ხეობაში, კერძოდ, ჯერ სოფელ ჟონეთსა და შემდგომ ნამოხვანში, მიმდინარე პროტესტი თითქმის ნახევარი წელია გრძელდება.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მშენებლობის შეჩერებას და თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას მოითხოვენ. მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ სახელმწიფოს მოთხოვნით კომპანიის თურქი დირექტორი ქართველით შეიცვლებოდა.
Print