ახალი ამბები
რიონის ხეობაში, გარკვეულ მიმართულებებზე მოქალაქეთა გადაადგილება დროებით იზღუდება
FaceBook
რიონის ხეობაში, მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით შეზღუდულია.
ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

უწყების ცნობით,  სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ნამახვან ჰესის წინა მოსამზადებელი სამუშაო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, რიონის ხეობაში დილიდან არიან მობილიზებულები.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს.უსაფრთხოების მიზნით რიონის ხეობაში, მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად''-, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ადგილზე ამ დროისთვის მობილიზებულია საპოლიციო ინფრასტრუქტურა: სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც რადიო კავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.

დღეს სოფელ ნამოხვანში კომპანია "ენკამ" ჰესის სამშენებლო სამუშაოები განაახლა. პროცესს კომპანიის ახალი დირექტორი მერაბ ლომინაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც ხელისუფლებამ აქციის მონაწილეებს გამოსავლის სახით შესთავაზა, თუმცა, მისმა გამოჩენამ ხეობაში ვითარება კიდევ უფრო დაძაბა.

მერაბ ლომინაძე ჰესის მოწინააღმდეგეებთან შესახვედრად დილიდან მივიდა, თუმცა, პოლიციის თანხლებით.

მისი გამოჩენიდან მალევე ხეობაში სამუშაოები განახლდა, რაც ადგილობრივებმა გააპროტესტეს. ისინი ტექნიკასთან მიახლოებას შეეცადნენ, თუმცა, ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს.

ნამოხვანში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ხეობის მცხოვრებლები შეძახილებით ცდილობენ პროტესტის გამოხატვას და კომპანიას ხეობის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

რიონის ხეობისკენ მისასვლელი გზა შეზღუდულია. საპოლიციო კონტროლი გუმათჰესის ტერიტორიიდან იწყება. რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება. ადგილობრივებმა უკვე 160-ე ღამე გაათიეს კარვებში.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.



Print