ახალი ამბები
რიონის ხეობაში ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები განახლდა
FaceBook
რიონის ხეობაში 160 დღიანი უწყვეტი პროტესტის ფონზე სახელმწიფო პოზიციებს არ თმობს.

3 აპრილს სოფელ ნამოხვანში კომპანია "ენკამ"  ჰესის სამშენებლო სამუშაოები განაახლა. პროცესს კომპანიის ახალი დირექტორი მერაბ ლომინაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც ხელისუფლებამ აქციის მონაწილეებს გამოსავლის სახით შესთავაზა, თუმცა, მისმა გამოჩენამ ხეობაში ვითარება კიდევ უფრო დაძაბა. მერაბ ლომინაძე ჰესის მოწინააღმდეგეებთან შესახვედრად დილიდან პოლიციის თანხლებით მივიდა.

მისი გამოჩენიდან მალევე კი ხეობაში სამუშაოები განახლდა, რაც ადგილობრივებმა გააპროტესტეს. ისინი ტექნიკასთან მიახლოებას შეეცადნენ, თუმცა, ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს. ნამოხვანში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ხეობის მცხოვრებლები შეძახილებით ცდილობენ პროტესტის გამოხატვას და კომპანიას ხეობის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

"ჩვენ ახლა ვდგავართ მართალია გაყიდულ მიწაზე, მაგრამ ჯერ კიდევ ვიყენებთ მოსახლეობა ამ გზას და ვიდგებით აქ იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება.კანონის ფარგლებში გავუწევთ წინააღმდეგობას. ყველა ვხედავთ პოლიციის უსუსურობას, ესენი არიან უარგუმენტო ხალხი, რომლებსაც სათქმელი არ აქვთ არაფერი. საპოლიციო ძალებს რომ ამ მდგომარეობაში ჩააყენებ, ეს არის ყველაზე მეტად შემაშფოთებელი. სახელმწიფო ინსტიტუციებს ხელისუფლება იყენებს თავისი ვიწრო ინტერესების გასატარებლად",-  განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

რიონის ხეობისკენ მისასვლელი გზა შეზღუდულია. საპოლიციო კონტროლი გუმათჰესის ტერიტორიიდან იწყება. რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება. ადგილობრივებმა უკვე 160-ე ღამე გაათიეს კარვებში.


რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.
Print