ახალი ამბები
საქართველოში ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“ 100 000 დოზა შემოვიდა
FaceBook
დღეს, საქართველოში ჩინური ვაქცინის 100 ათასი დოზა შემოვიდა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც ჩინური ვაქცინა  „სინოფარმი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს.

"ამ ვაქცინას მსოფლიოს მასშტაბით ათეულობით ქვეყანა უკვე იყენებს. 40 მილიონზე მეტი ადამიანი არის ვაქცინირებული ამ ვაქცინით. კვლევები კარგ შედეგებს აჩვენებს. მოლოდინი არის, რომ აპრილის შუა რიცხვებისთვის ვაქცინა მიიღებს ჯანმოს ავტორიზაციას. ვაქცინის შენახვას არ სჭირდება განსაკუთრებული პირობები. ვაქცინა ინახება +2-დან +8 გრადუსამდე რეჟიმში", - ამბობს თამარ გაბუნია.


ამ ეტაპზე საქართველოში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინაა, ,,ასტრაზენეკა'' და ფაიზერი''. 

შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის "ასტრაზენეკას" პირველი პარტიის 43 200 დოზა საქართველომ 13 მარტს, ხოლო "ფაიზერის'' 29 500 დოზა 25 მარტს მიიღო. მომავალი კვირიდან სახელმწიფო ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოფარმის" 100 000 დოზას ელოდება.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე აცრებში მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, ხოლო 25 მარტიდან, 65 წელს ზემოთ ასაკის პირებიც ჩაერთვნენ.

ვაქცინაციის მსურველები სპეციალურ პორტალზე booking.moh.gov.ge უნდა დარეგისტრირდნენ. საჭიროების შემთხვევაში, ასევე, შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე (15 22). ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აცრის მსურველებს "ფაიზერსა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების უფლება აქვთ.

Print