ახალი ამბები
რიონის ხეობაში ჰესის მშენებელი კომპანიის ახალი დირექტორი პოლიციის თანხლებით მივიდა
FaceBook
რიონის ხეობაში, გიგანტური ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებთან შესახვედრად, ჰესის მშენებელი კომპანიის ახალი დირექტორი მივიდა.


მერაბ ლომინაძესთან ერთად ადგილზე პოლიციის თანამშრომლებიც იმყოფებიან. ადგილობრივი აქტივისტის ვარლამ გოლეთიანის თქმით, ახალი დირექტორი მათ მუქარის და ულტიმატუმის ენით ელაპარაკება.

"საუბარი ჰქონდა მუქარის შემცველი და გვითხრა, რომ უნდა გავითვალისწინოთ მათი მოთხოვნები, რადგან კომპანიამ უნდა გააგრძელოს აქ სამუშაოები, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიციის ძალით შეგვიშლიან ხელს",- ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

რიონის ხეობისკენ მისასვლელი გზა  შეზღუდულია. საპოლიციო კონტროლი გუმათჰესის ტერიტორიიდან იწყება.

რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება. ადგილობრივებმა უკვე 160-ე ღამე გაათიეს კარვებში.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.
Print