ახალი ამბები
მოტყუებული ბენეფიციარები და სამი წლით შემცირებული ცხოვრების უფლება თავშესაფარში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალურ თავშესაფარში მცხოვრებლები, მერიის გადაწყვეტილებას, საცხოვრისში ცხოვრების ვადის ორ წლამდე შემცირების შესახებ, უსამართლოს უწოდებენ.

მათი თქმით, მათ ხუთწლიან შეთანხმებაზე აქვთ ხელი მოწერილი. გარდა ამისა, ისინი არც სოციალურ ქულებს ენდობიან და შიშობენ, რომ სააგენტომ, შესაძლოა მათი საცხოვრებელი პირობები არასწორად შეაფასოს და მაღალი ქულები დაუწეროს.

31 მარტს, საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება მერიას ბენეფიციარებისთვის არ უცნობებია.

ცვლილების მიხედვით, სოციალურ საცხოვრისში ცხოვრების ვადა ხუთიდან ორ წლამდე მცირდება.

თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ბენეფიციარები თავშესაფარში გარანტირებულად ცხოვრებას მხოლოდ ამ დროით შეძლებენ. ყოველ ორ წელიწადში ერთხელ კი მათი სოციალური მდგომარეობა შემოწმდება. თუ აღმოჩნდება, რომ საცხოვრისში შესახლებულთა პირობები გაუმჯობესდა, მათ ბინის დატოვება მოუწევთ. მათ ბედს კი სარეიტინგო ქულები გადაწყვეტს, რომელსაც სოციალური სააგენტო ადგენს.

სოციალურ საცხოვრისში 82 ოჯახი 2017 წელს იმ პირობით შესახლდა, რომ ხუთი წლის განმავლობაში მათ შენობას არავინ დაატოვებინებდა, თუმცა, სამი წლისა და ექვსი თვის შემდეგ მერია ამბობს, რომ ხელშეკრულებაში, რომლებიც ბენეფიციარებთან გააფორმეს, ტექნიკური ხარვეზი იყო და მათ საცხოვრისში ცხოვრების უფლება არა ხუთი, არამედ მხოლოდ ორი წლით ჰქონდათ.

თუმცა, მერია არაფერს ამბობს იმაზე, თუ რატომ არ გამოასწორა ხარვეზი აქამდე და რატომ გაახსენდა შეცდომის გასწორება სამწელიწად ნახევრის შემდეგ. იმის მიუხედავად, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხუთწლიანი ვადა ამოწურული არ არის, მერიამ უკვე გამოითხოვა თავშესაფარში მცხოვრებთა სარეიტინგო ქულები, რომელთა განხილვის შემდეგაც გადაწყვეტს ვინ დარჩება შენობაში და ვინ დატოვებს თავშესაფარს.
ქუთაისის სოციალური საცხოვრისი 2017 წელს გაიხსნა. ყოფილი კავშირგაბმულობის შენობის რეაბილიტაცია ბიუჯეტს 4 372 000არი დაუჯდა, თუმცა, სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა. შენობაში გახსნიდან ერთ თვეში ჭერი ჩამოინგრა. მოგვიანებით, საცხოვრისის რეაბილიტაციის საქმეზე გამოძიებაც დაიწყო, თუმცა, ამ დრომდე პასუხისგებაში არავინ მიცემულა.
Print