ახალი ამბები
ქუთაისიპოსტზე გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ მერია უსინათლოებს დაეხმარება
FaceBook
სტატიის ,,პირბადით დახშული კომუნიკაცია და დისტანცია სიბნელეში" ქუთაისიპოსტზე გამოქვეყნების შემდეგ, მერია უსინათლოებისთვის გამცილებელის

დამატებას უზრუნველჰყოფს.

მხედველობის არ მქონე პირების თქმით, პანდემიის პირობებში განსაკუთრებით სჭირდებათ ადამიანი, რომელიც ექიმთან ვიზიტსა, თუ სხვა გადაუდებელი საჭიროების დროს გადაადგილებაში დაეხმარება.

,,პანდემია რაც დაიწყო, გარეთ საერთოდ აღარ გავდივარ. პირბადე უნდა ვიყიდო, გამცილებელი შევაწუხო. სულ ვფიქრობ, ჩემზე მეტად სხვას რომ სჭირდებოდეს, როგორ დავაკავო - მეთქი. მხოლოდ ერთი გამცილებელი გვყავს და რეალურად მეტი გვჭირდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და თუ მერია ყურადღებას მოგვაქცევს კარგი იქნება", - ამბობს ქუთაისში მცხოვრები უსინათლო აზა ჭუმბურიძე.

აზას მსგავსად ქუთაისში მცხოვრებ 210 უსინათლოსა და მცირედმხედველს ქუთაისში მხოლოდ ერთი გამცილებელი ემსახურება. 


ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ უსინათლო პირებისთვის გამცილებლით მომსახურების პროგრამა საპილოტე იყო და მზად არიან ბენეფიციარებს დამატებით გამოუყონ გამცილებლები.   

"უნდა მოგვამრთონ წერილობით და დაუყონებლივ დავამატებთ მათთვის გამცილებლებს", -  განმარტავენ ქუთაისის მერიის სოციალურ სამსახურში. 

გამცილებლის საპილოტე პროგრამა ქუთაისში ორი წელია არსებობს. უსინათლო და მცირედმხედველი ადამიანებისთვის პერსონალური გამცილებლის შრომის ანაზღაურება თვეში 500 ლარით განისაზღვრება.

COVID-პანდემია სმენისა და მხედველობის არმქონე ადამიანებისთვის წინააღმდეგობრივი პერიოდია, რომლის დაძლევასაც ისინი ყოველდღე ცდილობენ. 

გარდა გამცილებლისა, რა პრობლემები აქვთ სმენისა და მხედველობის არ მქონე პირებს, ნახეთ ქუთაისიპოსტის მიერ მომზადებული სტატია სრულად მითითებულ ბმულზე. 

ქუთაისის მერია გამცილებლის პროგრამის გარდა, მხედველობის არ მქონე პირებს  ხმოვანი წნევის და  საქრის აპარატის შეძენით ეხმარება.

ამავე თემაზე:

პირბადით დახშული ბგერები და დისტანცია სიბნელეში
Print