ახალი ამბები
„ქუთაისის თემები ყოველთვის ქუთაისში იქნება გადაწყვეტილი“ - მერი გენგეგმის თბილისში განხილვაზე
FaceBook
ქუთაისის მერი ქალაქის გენერალური გეგმის თბილისში განხილვაზე საზოგადოების კრიტიკას არ იღებს და ამბობს, რომ საკითხის ინტერპრეტაცია მოხდა.

იოსებ ხახალეიშვილი ერთის მხრივ ამბობს, რომ შეხვედრა  მერიისა და კონტრაქტორი კომპანიის მიერ ჩატარდა, მეორეს მხრივ კი აცხადებს, რომ ქუთაისის მერიის წარმომადგენლები განხილვას ერთ-ერთი მონაწილის სტატუსით ესწრებოდნენ.

"მინდა შევეხმიანო არასწორ  აჟიოტაჟს, რომელიც შეეხებოდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის და კონტრაქტორი კომპანიის მიერ ჩატარებულ  შეხვედრას, რომლის მიზანი იყო ქუთაისის  განვითარების გეგმის მომზადების პროცესში კონსულტაციებისა და  სამუშაო შეხვედრის დაორგანიზება არქიტექტორთა კავშირთან და  ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან. მათ გვთხოვეს, რომ თუ ჩვენი სურვილი იქნებოდა და გვექნებოდა ამის საშუალება, მიგვეღო მონაწილეობა შეხვედრაში. ჩვენ, უბრალოდ დავესწარით ამ შეხვედრას როგორც ერთ-ერთი მონაწილე.  ის, რაც იყო ინტერპრეტირებული, რომ ვითომ ჩვენ დედაქალაქში  დავიწყეთ ჩვენი ქალაქის გეგმის განხილვა,  არის მტკნარი სიცრუე. მინდა დავამშვიდო ოპოზიცია, რომ ქუთაისის თემები ყოველთვის ქუთაისში იქნება განხილული და გადაწყვეტილი", - განაცხადა ქუთაისის მერმა. მისი თქმით, გენგეგმის საჯარო განხილვა მას შემდეგ დაიწყება, რაც დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი მომზადდება.

ქუთაისის გენგეგმა, რომელსაც ქალაქი 30 წელზე მეტია ელოდება, თბილისში 28 მარტს განიხილეს. ქუთაისის არქიტექტურის სააგენტოს ხელმძღვანელმა, რუსუდან ჩინჩალაძემ ქუთაისიპოსტთან საუბარში თქვა, რომ შეხვედრა "არქიტექტორთა კავშირის" მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც ასაკოვანი სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული. ამის გამო, მათ ქუთაისში ჩამოსვლა ვერ შეძლეს.

ამავე თემაზე:


Print
თეგები: #გენგეგმა