ახალი ამბები
ქუთაისში მდინარე ოღასკურას კალაპოტის რეაბილიტაცია 1 200 000 ლარით დაფინანსდა
FaceBook
ქუთაისში მდინარე ოღასკურას კალაპოტი მოწესრიგდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, რეაბილიტაცია 1 200 000 ლარით დაფინანსდა.

"ამით, ათწლეულების პრობლემა იქნება გადაჭრილი", - განაცხადა ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

ოღასკურის კალაპოტის მოწესრიგების მცდელობა ადგილობრივ თვითმმართველობას რამდენჯერმე ჰქონდა. მერიამ ტენდერი ბოლოს 2018 წლის აპრილში გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ივ. ჯავახიშვილის ქუჩიდან №32 საჯარო სკოლამდე უნდა მომხდარიყო მდინარე ოღასკურას კალაპოტის მოწყობის სამუშაოები, რაშიც მერია 582 000 ლარს იხდიდა, თუმცა, ტენდერი მონაწილეების არარსებობის გამო ჩაიშალა. ამის შემდეგ მერიამ მდინარის კალაპოტი დააბეტონა.

მერიაში მაშინ ეს ფაქტი  იმით ახსნეს, რომ ასე მდინარეში ნარჩენებისა და ქვა-ღორღის დაგროვებას აიცილებდნენ თავიდან.

ოღასკურას ვიწრო კალაპოტში საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენების დაგროვება  მუდმივ პრობლემას წარმოადგენს.არხის გამტარუნარიანობის ხელოვნურად შეზღუდვის გამო ნალექის დროს მდინარე გადმოდის და მიმდებარე ქუჩებს ტბორავს.

წლების განმავლობაში ოღასკურამ  არაერთი ოჯახი დააზარალა. ბოლოს, მდინარე კალაპოტიდან 2017 წელს გადმოვიდა და ბუხაიძის ქუჩა დატბორა. მაშინ მნიშვნელოვნად დაზარალდა როგორც მოსახლეობა, ასევე, სავაჭრო ობიექტები და სხვა დაწესებულებები.



Print
თეგები: #ოღასკურა