ახალი ამბები
ფიზიკური დაპირისპირება წყალტუბოს პარკში - ნაცემია სკოლის დირექტორის მოადგილე
FaceBook
"გასარკვევად პარკში გავედით, დასალაპარაკებლად დირექტორთან და ტყეშელაშვილთან ერთად"


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის #2 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე აკაკი ტყეშელაშვილი, როგორც თავად ამბობს, ამავე სკოლის დირექტორის ყოფილი მოადგილის მეუღლემ და ძმამ სცემა. ინციდენტი ერთი კვირის წინ წყალტუბოს განახლებულ პარკში მოხდა. ფიზიკურ დაპირისპირებას ორივე მხარე ადასტურებს.

ქუთაისიპოსტან საუბარში ინციდენეტის დეტალებზე საუბრისგან საგამოძიებო უწყებისთვის ხელისშეშლის მიზეზით უარს ამბობს  აკაკი ტყეშელაშვილი. თუმცა, აცხადებს, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ირკვევა, რომ მხარეეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც წყალტუბოს მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა გიორგი ბენიძემ პედაგოგი ეკა გურუშიძე დაითხოვა. მანამდე კი გურეშიძეს სკოლის დირექტორის მოადგილის პოსტი ეჭირა, საიდანაც  მისი გათავისუფლება ბენიძის ბრძანების საფუძველზე, გასულ წელს მოხდა. 

თავის მხრივ, გიორგი ბენიძე აღნიშნული სკოლის დირექტორად 2014 წლის დეკემბერში დაინიშნა. როგორც თავად დირექტორი ამბობს, მას უფლება ჰქონდა გადაეხალისებინა კადრები, რის შედეგადაც გურუშიძე გაათავისუფლა და მის ნაცვლად, წყალტუბოში მანდატურის სამსახურის უფროსი, აკაკი ტყეშელაშვილი დანიშნა.

"მე ამის უფლება კანონით მაქვს მონიჭებული. ჩემი  და გურუშიძის  ხედვები არ იყო თანხვედრაში, რის გამოც ახალი დავნიშე. თუმცა, ეკა გურუშიძე არ გამითავისუფლებია და დაწყებითი კლასების პედაგოგად ერთი წელი იმუშავა, მაგრამ ახლა აღარ მოუნდა ჩვენთან მუშაობა და ამას მოჰყვა ინციდენტი", - განმარტავს საჯარო სკოლის დირქტორი.

გათავისუფლებული პედაგოგის ეკა გურუშიძის მეუღლე, ზაზა მეტრეველი ამბობს, რომ მისი მეუღლე  სკოლიდან საკუთარი სურვილით არ წამოსულა.

"ჩემი მეუღლე გაათავისუფლეს და ეს მაინტერსებდა თუ რატომ მოხდა. ამის გასარკვევად პარკში გავედით დასალაპარაკებლად დირექტორთან და ტყეშელაშვილთან ერთად. თან მეუღლის ძმაც მახლდა. სიტყვირი შეურაცხყოფის შემდეგ პირველად ტყეშელაშვილმა გაარტყა ხელი ჩემს ცოლისძმას და  ამის შემდეგ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. ადრე აკაკი ტყეშელაშვილი ჩემი მეგობარი იყო, მაგრამ ეს უთნხმოება ალბათ პოლიტიკურია, რადგან მე "ნაციონალი" ვარ ხოლო, ისინი ამ დროისთვის "ოცნებაში" გადაბარგებულები", - ამბობს ზაზა მეტრეველი, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენს.

სკოლის დირექტორი ირწმუნება, რომ ის არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენს და აღნიშნული ბრალდება უსაფუძვლოა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. 




Print