ახალი ამბები
53% აცრაზე უარს აცხადებს, 20% კი ვაქცინაციის საჭიროებას საერთოდ ვერ ხედავს - NDI-ს კვლევა
FaceBook
NDI-მ საქართველოში კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის ფლობის, ვაქცინაციისა და ვირუსის წინააღმდეგ ხელისუფლების ბრძოლის ეფექტიანობის თვალსაზრისით, საზოგადოების განწყობა შეისწავლა.

მოსახლეობა კორონავირუსის აცრის მიმართ  სკეპტიკურად არის განწყობილი.  მთავრობის ვაქცინაციის გეგმას ეფექტურად მოსახლეობის  ნახევარზე ნაკლები  -  42% აფასებს და მხოლოდ 35% ამბობს, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში აიცრებოდა; 53% კი აცრაზე უარს აცხადებს.

კვლევის მიხედვით,  ქალები და 55 წელს ქვემოთ ასაკის მოქალაქეები, სხვებთან შედარებით, ვაქცინაციის მიმართ უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილნი. ისინი, ვინც ამბობს, რომ აცრას არ გაიკეთებენ, მიზეზად ასახელებენ ვაქცინის ხარისხის მიმართ უნდობლობას. გამოკითხულთა 48% ვაქცინას უნდობლობას უცხადებს, 20% კი დარწმუნებულია, რომ პანდემიის გადალახვას ვაქცინაციის გარეშეც შეძლებენ.

მოქალაქეების 60%  კოვიდ-19-ის შესახებ ინფორმაციას უმეტესად ტელევიზიიდან იღებს, 35% ინტერნეტით. გამოკითხულთა 74% ნდობას უცხადებს  სამედიცინო სფეროს მუშაკების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციას კი 68% ენდობა.

გამოკითხული მოსახლეობის 68% მიიჩნევს, რომ 2021 წელს ხელისუფლება კორონავირუსს კარგად გაუმკლავდა, 27% მიიჩნევს, რომ ცუდად, 4%-მა კი არ იცის იყო თუ არა ეფექტური მთავრობის ნაბიჯები ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

კვლევითმა ორგანიზაციამ გამოკითხვა სამი ძირითადი მიმართულებით ჩაატარა:

● მოსახლეობის პრიორიტეტების შესახებ (ჯანდაცვა და ეკონომიკა) სიღრმისეული ინფორმაციის მიწოდება;

● ახალი მოწვევის პარლამენტის მიმართ არსებული მოლოდინების შესწავლა;

● გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის კოვიდ-19-სა და დაგეგმილი ვაქცინაციის პროცესის მიმართ არსებული დამოკიდებულებებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-ის მიერ ჩატარდა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ინფორმაციით, სატელეფონო გამოკითხვები 2021 წლის 17-24 თებერვალს ჩაატარეს (2 024 დასრულებული ინტერვიუ) საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.4%-ია. ცდომილების ზღვარი სხვადასხვა კითხვის მიხედვით იცვლება.
Print