ახალი ამბები
ჯანდაცვის მინისტრი 23 მარტს იმერეთში მედპერსონალს შეხვდება
FaceBook
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე 23 მარტს იმერეთში ვიზიტს გეგმავს.

სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა თქვა, რომ სამედიცინო პერსონალს სხვა რეგიონებშიც შეხვდება, სადაც ვაქცინაციის პროცესზე ისაუბრებს. მისი თქმით, პირველი კლინიკა, რომელსაც ის მოინახულებს, სავარაუდოდ, საჩხერის სამედიცინო ცენტრი იქნება.

"ვგეგმავ რეგიონებში სამედიცინო პერსონალთან გასაუბრებას და ხვალიდან დავიწყებ ინტენსიურ შეხვედრებს ჩვენს კოლეგებთან.  იმერეთის რეგიონი და ალბათ,  საჩხერის კლინიკა  იქნება პირველი, სადაც ხვალ განვახორციელებ ჩემს ვიზიტს", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მან ასევე ისაუბრა იმუნიზაციის პროცესში ასაკობრივი ჯგუფების ჩართვაზე და განაცხადა, რომ ქვეყანაში უკვე არსებული "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრა 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს შეეძლებათ. მედპერსონალი კი, რომელიც ვაქცინაციის პროცესში განსაკუთრებული რიგის კომპონენტით სარგებლობდა, 25 რიცხვიდან ამის შესაძლებლობა აღარ ექნება.

"ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ მოხდება ასაკობრივი ჯგუფების დამატება ვაქცინაციის პროცესში, კერძოდ 65 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაძლებელი იქნება ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა.  ჩვენ ვიცით, რომ  ეს ასაკობრივი ჯგუფები არიან ყველაზე მოწყვლადები, რომლებისთვისაც კოვიდ ინფექცია არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში, ამიტომ, ჩვენ  მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროცესი დაგვეჩქარებინა.

მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი პორტალი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 25 რიცხვიდან, მანამდე კი მათ შეუძლიათ 15 22-ზე მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია, რომლის საშუალებითაც ისინი მოახერხებენ პორტალზე დარეგისტრირებას. მედპერსონალის ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება, თუმცა, 25 რიცხვიდან ისინი ვეღარ გამოიყენებენ იმ განსაკუთრებული რიგის მართვის კომპონენტს, რომელიც აქამდე ჰქონდათ", - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ "ასტრაზენეკა" უსაფრთხო ვაქცინად აღიარა.

საქართველოში შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიის 43 200 დოზა  13 მარტს შემოვიდა.




Print