ახალი ამბები
ქუთაისში დისტანციურად სწავლების მსურველთა რაოდენობა იკლებს
FaceBook
ქუთაისში დისტანციურ სწავლებაზე 1668 მოსწავლეა გადასული.

"დისტანციურ სწავლებაზე ჩართული მოსწავლეების რაოდენობა იკლებს. Სწავლის დაწყებიდან პირველ ეტაპზე 2 250 მოსწავლე იყო, მერე 2220 -მდე და ახლა - 1668. ნელ- ნელა წამოვედით კლებისკენ", - ამბობს ქუთაისის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი.

ქუთაისში Სრულ დისტანციურზე სრულად არც ერთი სკოლა არ არის გადასული.

რამდენიმე კლასი სწავლობს დისტანციურად, თუმცა რესურსცენტრში ზუსტ მონაცემებს ვერ იძლევიან.

"იმდენად ცვალებადია მონაცემები რომ არ გვაქვს ზუსტი ციფრი. პირველ ცვლაში შეიძლება სხვა მონაცემი გვქონდეს და მეორე ცვლაში მოგვემატოს კლასების რაოდენობა“, - ამბობს მაია ცქიტიშვილი.

ქუთაისში 38 საჯარო და 10 კერძო სკოლაა.

დისტანციური სწავლების მსურველთა რეგისტრაცია გახსნილია სამ დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში. სურვილის შემთხვევაში, მშობელს შეუძლია, დაარეგისტრიროს შვილი ონლინე.ემის.გე-ზე ან მივიდეს სკოლაში და მიმართოს განაცხადებით სკოლის ადმინისტრაციას.

ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება-რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ოთხშაბათს 00:00–23:59 საათის შუალედში. სწორედ ამ დროს იქნება ღია საიტზე სარეგისტრაციო ველი.


Print