ახალი ამბები
გოგი წულაიას პროკურატურა ბრალს დღეს წაუყენებს
FaceBook
გოგი წულაიას პროკურატურა ბრალს დღეს წაუყენებს.

ამის შესახებ წულაიას ინტერესების დამცველი ვალერი გელბახიანი განმარტავს.

"არ ვიცით პროკურატურა რა ბრალდებას წაუყენებს. რაც შეეხება, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს, მხოლოდ შეკამათებას ადასტურებს. გოგი წულაიას მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ქონია", - ამბობს გოგი წულაიას ადვოკატი ვალერი გელბახიანი.

მისი თქმით, გოგი წულაიას ალკოტესტი ჩაუტარდა, სადაც გამოჩნდა რომ ის ნამდვილად არ ყოფილა ნასვამ მდგომარეობაში.

პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" ყოფილი თანათავმჯდომარე გოგი წულაია თბილისში, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან.  გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით არის აღძრული, რაც ძალადობას გულისხმობს. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში 3 თვიდან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გოგი წულაიამ რამდენიმე დღის წინ ბერა ივანიშვილის მისამართით უხამსი ჟესტი გამოიყენა.

მან ამ ფორმით ტვ "პირველის" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი" სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქკომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.
Print