ახალი ამბები
"გაისმოდა წმინდა პოლიტიკური მოთხოვნები" - ნათია თურნავა ხეობის "მცველების" აქციაზე
FaceBook
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებდებით, 14 მარტს ნამახვანჰესის წინააღმდეგ ქუთაისში გამართულ აქციაზე პოლიტიკური მოთხოვნები გაისმოდა.

მინისტრის თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ საპროტესტო მოძრაობა სულ უფრო რადიკალიზაციისკენ მიდის.

„ამის დასტურია ისიც, რომ ორი დღის წინ აქციაზე გაისმოდა წმინდა პოლიტიკური მოთხოვნები, რასაც არანაირი კავშირი აქვს ეკოლოგიასთან, პროექტთან დაკავშირებულ საკითხებთან. რასაკვირველია, ჩვენთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენა. რაც შეეხება გადადგომას ან დანიშვნას ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს მთავრობის წევრის გადაყენება ან დანიშვნა, ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა და არა რომელიმე აქტივისტის მიერ აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნა, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეთავაზებები და გადაწყვეტილებები მივაწოდეთ მოსახლეობასაც და ექსპერტებსაც“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, საუბარია შეთავაზებების ოთხპუნქტიან გეგმაზე, რომელიც არსებული კვლევების გადახედვას და გადახედვამდე კაშხლის მშენებლობის გადაწევას, არდაწყებას გულისხმობს, ასევე ხეობის განვითარების ფონდის შექმნას, მეტ ჩართულობას როგორც ამ ფონდის მართვის, ისე მშენებლობის ზედამხედველობის პროცესში.

„ჩვენი კარი კვლავაც ღიაა დიალოგისთვის, ოღონდაც ამ კონსტრუქციულ პლატფორმაზე. ველით მოსახლეობის წარმომადგენლებს, ექსპერტებს, რათა ჩაერთონ, გააკეთონ პროექტის რევიზია, გადაამოწმონ ის კვლევები, რაც უკვე გაკეთებულია. ყველამ ერთად ვიზრუნოთ, რომ ჩვენი ენერგეტიკა, ჩვენი ეკონომიკა გახდეს უფრო ძლიერი და მოწოდებები, რომ ჩაიშალოს, გავაგდოთ ინვესტორი, გაჩერდეს, არ ავაშენოთ, ეს არ არის ჩვენი ლექსიკა, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ წელს. ყველანი განვითარებისკენ უნდა ვისწრაფოდეთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ქუთაისში 14 მარტს რიონის ხეობაში გიგანტური ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი  აქცია გაიმართა. ხეობის "მცველების" მთავარ მოთხოვნას - კომპანია "ენკამ" დატოვოს ტერიტორია, ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას გადაგომაც დაემატა.

ხეობის მკვიდრების განმარტებით, ნათია თურნავამ ისინი დაამცირა როდესაც 12 მარტს ქუთაისის მერიაში დაგეგმილი შეხვედრიდან 9 წუთში გაიპარა.
Print