ახალი ამბები
„შიდა აუდიტის დასკვნა არ არის საჯარო“ - მერიის პასუხი დოკუმენტის დამალვის ბრალდებაზე
FaceBook
ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი, ირაკლი გიორგაძე საკრებულოს დეპუტატის გიგა შუშანიას ბრალდებას, ინფორმაციის დამალვის შესახებ, პასუხობს.

მისი თქმით, შიდა აუდიტის დასკვნა, რასაც დეპუტატი ითხოვდა, არ არის საჯარო ინფორმაცია და მისი გაცნობა მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევებში არის შესაძლებელი.

"გიგა შუშანიას შესაძლებლობა ჰქონდა გაეხსნა მისი სამუშაო ქსელი, სადაც 17 თებერვალს დაუფიქსირდებოდა მერიის პასუხი, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ ინფორმაცია არ მიეკუთვნება საჯარო ინფორმაციას და მას შეუძლია ეს სასამართლო წესით გამოითხოვოს. კანონში პირდაპირ არის ჩანაწერი, რომ მისი გასაჯაროება ეკრძალება შიდა აუდიტის სამსახურს, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა. შესაბამისად, მას შემოწმების ანგარიშის გაცემაზე უარი ეთქვა", - ამბობს ირაკლი გიორგაძე

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, გიგა შუშანიას განცხადებით, ქუთაისის მერიამ შიდა აუდიტის დასკვნები დამალა. მისი თქმით, მან აღნიშნული ინფორმაცია მიმდინარე წლის 10 თებერვალს გამოითხოვა, თუმცა, პასუხი არ მისვლია. დეპუტატის შეფასებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მერიაში კორუფციის ფაქტების არსებობას, რის დამალვასაც ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს.


ამავე თემაზე:

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი მერიას სასამართლოში უჩივის

Print