ახალი ამბები
რიონის ხეობის "მცველები" ღამეს ქუთაისის ცენტრში, მანქანებში ათევენ
FaceBook
რიონის ხეობის "მცველები" და მათი მხარდამჭერები პროტესტის 141-ე ღამეს ქუთაისის ცენტრში, მანქანებში ათევენ.



აქციის მონაწილეებს უკვე აქვთ კონკრეტული გეგმაც. ისინი დილით ადრე სოფელ ნამოხვანში გაემგზავრებიან, სადაც კარვები აქვთ გაშლილი და მათი თქმით, კომპანია "ენკას" არ მისცემენ ჰესის სამშენებლო სამუშაოების განახლების უფლებას.

"მკაფიოდ ვაცხადებთ, ნუ ითამაშებენ ადამიანების ნერვებზე. ყველაფერს აქვს საზღვარი.  ჩვენ ვცდილობთ, ყველაფერი იყოს მშვიდობიანი ფორმით, მაგრამ თუ ისინი შეეცდებიან და არ გაითვალისწინებენ ქართველი ხალხის ნებას,  მოგვიწევს ხელის შეშლა მათთვის. თუკი ვინმე დააპირებს ხვალ ტრაქტორი დაქოქოს, რომელიც ჩვენთვის ტანკია, გადავუდგებით წინ",
- განაცხადა აქციების ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა.

ქალაქცის ცენტრში ნამახვანჰესის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი აქცია დღეს  გაიმართა. აქციაზე ათეულობით ათასი ადამიანი იყო მისული. ხეობის "მცველების" მთავარ მოთხოვნას - კომპანია "ენკამ" დატოვოს ტერიტორია, დღეს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას გადაგომაც დაემატა.

ხეობის მკვიდრების განმარტებით, ნათია თურნავამ ისინი დაამცირა როდესაც 12 მარტს ქუთაისის მერიაში დაგეგმილი შეხვედრიდან 9 წუთში გაიპარა.

ხეობის "მცველებს" მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ადამიანები.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლების დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.

მხარეებს შორის დიალოგი მას შემდეგ დაიწყო, რაც რიონის ხეობის მცხოვრებლებმა 28 თებერვალს ქუთაისში ფართომასშტაბიანი აქცია გამართეს. მათ პროტესტს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულებიც შეუერთდნენ. ამის შემდეგ ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრები ხეობაში ჩავიდნენ, სადაც გადაწყდა, რომ მხარეები გიგანტური ჰესების მშენებლობის საკითხს დეტალურად განიხილავდნენ. თუმცა, 12 მარტის შეხვედრაზე აღმოჩნდა, რომ მინისტრები რიონის მკვიდრებთან საუბარს არ აპირებენ.

რიონის ხეობაში ჰესის წინააღმდეგ პროტესტი ოთხ თვეზე მეტია გრძელდება.
Print