ახალი ამბები
"გამოძიება ტენდენციურად მიმდინარეობს, ქუთაისის მერმა შუამავალი მომიგზავნა"
FaceBook
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზცია "საზოგადოებრივი დაცვის ცენტრის" დირექტორი, სულხან ქობულაძე ქალაქის საკრებულოს თავმჯოდმარესთან მომხდარ ინციდენტზე საგამოძიებო ორგანოს ტენდენციურობაში ადანაშაულობს. 

"გამოძიება მიმდინარეობს ტენდენციურად. ის მასალები, რომელიც შეიძლებოდა მოპოვებულიყო დანაშაულიდან პირველ დღეებში არ იქნა შესწავლილი. მათ შორის, საკრებულოს თავმჯდომარის ხელებზე ჩემი ანგარიშსწორების შედეგად დარჩენილი სისხლჩაქცევები და ასევე, ქალაქში დამონტაჟებული ვიდეო-თვალი, რომელიც დაადასტურებდა ჩემს სიმართლეს", - განაცხადა ქობულაძემ.

"საზოგადოებრივი დაცვის ცენტრის" დირექტორი მომხდართან დაკავშირებით ახალ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას. ის ირწმუნება, რომ ორი თვის წინ მომხდარ ინციდენტში, საკრებულოს თავჯდომარესთან, დავით დვალთან, მის მოადგილესა და მძღოლთან ერთად, მეოთხე პირიც მონაწილეობდა, რომელიც ქობულაძის  განცხადებით, საკრებულოს წარმომადგენელია.

გარდა ამისა, სულხან ქობულაძის განმარტებით, რამდენიმე დღის წინ ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ მას მერიის თანამშრომელი, მანანა მანაგაძე მიუგზავნა.

"მანაგაძე გვეუბენოდა, რომ ქალაქის მერი შეშფოთებულია მომხდარის გამო და ეს ფაქტი, საკრებულოს დეპუტატების მხრიდან არის მისთვის ზურგში დანის ჩაცემა", - განმარტა "საზოგადოებრივი დაცვის ცენტრის" დირექტორმა.

სულხან ქობულაძის ადვოკატის, საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის, გიორგი სანტურიანის განმარტებით, გარკვეული საგამოძოებო სამუშაოები არ განხორციელდა დროულად, რამაც სანტურიანის შეფასებით, შეიძლება გამოძიებაზე გარკვეული გავლენა იქონიოს.

სულხან ქობულაძესა და დავით დვალს შორის ინციდენტი დაახლოებით ორი თვის წინ მოხდა. როგორც ქუბულაძე ამბობს, დვალი ფიზიკურად მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც  Facebook-ზე მან  ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს ყვარყვარე უწოდა. აღნიშნულის გამო დვალმა საკრებულოში სამსახურებრივი ურთიერთობა უკვე ორჯერ შეიჩერა.


Print